მამუკა მდინარაძე - არის გარკვეული საუბრები, რომელიც შეიძლება, ხვალ და ზეგ საჯაროც გახდეს
მამუკა მდინარაძე - არის გარკვეული საუბრები, რომელიც შეიძლება, ხვალ და ზეგ საჯაროც გახდეს

არის გარკვეული საუბრები, რომელიც შეიძლება, ხვალ და ზეგ საჯაროც გახდეს, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელ ოპოზიციურ პარტიებთან მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები შეთანხმების მისაღწევად.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დეტალებსა და კონკრეტულ სახელებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ყველაფერი ემსახურება იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეს.

„არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც მაგალითად, ელჩების თანდასწრებით შეთავაზებულ პირობებზე და გარკვეულ დეტალებზე ჩვენ ვერ ვსაუბრობთ. ასევე, არის რაღაც საკითხები, რაც წამოიჭრა ელჩების თანდასწრებით და დაანონსდა, რომ იქნებოდა გარკვეული კომუნიკაციები, მაგრამ არა ფარული, არამედ ისეთი, რომელზეც საჯაროდ არ ვისაუბრებდით. უკაცრავად საზოგადოებასთან, მაგრამ ამიტომ საუბარი გვიჭირს. თქვენ რომ ეჭვები გიჩნდებათ ხოლმე, არ არის მაინცდამაინც იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე საუბარი. შემიძლია ასევე მინიშნება გავაკეთო, არის გარკვეული საუბრები, რომელიც შეიძლება, ხვალ და ზეგ საჯაროც გახდეს, იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო გახდება ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების დეტალები. ამ პერიოდისთვის შეიძლება ჩვენ ამაზე კიდევ უფრო თამამად ვისაუბროთ. დღეს ყველა დეტალზე შეუძლებელია საუბარი და ამის ფარგლებში ჩვენ კონკრეტულად სახელებით, გვარებით და სუბიექტებით ვერ ვისაუბრებთ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ემსახურება იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, არსებობს თუ არა შეთანხმების მიღწევის რესურსი, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებენ ოპოზიციური პარტიები კომპლექსების დაძლევას.

„ეს დამოკიდებულია კონკრეტული პარტიული სუბიექტების მხრიდან კომპლექსების მოხსნაზე. ჩემთვის ასევე წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იყო მაგალითად, ბოკერიას მიერ დალაგებული ნარატივის და კომპლექსის ქვეშ, ეს გაკომპლექსებდეს. ვთქვათ სიმართლე – მას თავის პარტიაში საკმაოდ კარგი ინტელექტუალაური რესურსი ჰქონდა, მაგრამ მან „ევროპულ საქართველოში“ პარტიული და პოლიტიკური მენეჯმენტი ისე დაალაგა, რომ კატასტროფული შედეგი მიიღო, მათ შორის თუნდაც მისი პარტიის წევრების ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან მიმართებაში. დღეს უკვე მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ ადამიანის და მასთან ინტერესთა თანხვედრაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის, ზოგ შემთხვევაში ბულინგის ქვეშ არიან.

თუ ოპოზიციური სპექტრი ამ კომპლექსს მოიხსნის, მაშინ ჩვენ შევთანხმდებით. თუ ამ გავლენების ქვეშ უნდა იყვნენ, მაშინ ჩვენ ამაზე საუბარი გაგვიჭირდება, რომ შევთანხმდებით, თუმცა გულწრფელად მაინც იმედი გვაქვს, რომ ისინი რაციონალურ გადაწყვეტილებამდე მივლენ და თებერვალში საპარლამენტო ცხოვრებას გავაგრძელებთ ოპოზიციური წარმომადგენლობით“, – განაცხადა მდინარაძემ.