მამუკა მდინარაძე - არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მკაცრი იქნება
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი საკმაოდ მკაცრი იქნება, რომელიც დეოკუპაციის პრაქტიკულ ამოცანებთან მიმართებაში სახელმწიფოსა და საქართველოს პარლამენტის რეალურ მიდგომებსა და პოლიტიკას ასახავს.
მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება უახლოეს პერიოდში მოხდეს.
„ცხედრის გადმოსვენებას ველოდებით უახლოეს პერიოდში. ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. რაც შეეხება რეზოლუციის პროექტს, კონსულტაციებს ვაგრძელებთ, რომელიც წინა დღეების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. ტექნიკური და სამართლებრივი დეტალები არსებობს, რაც პასუხის გაცემას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რამდენიმე დღე დაგვჭირდეს, რომ საბოლოო ტექსტზე შევჯერდეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. რეზოლუციის პროექტის საკუთარი ვერსია აქვს ასევე, საპარლამენტო ოპოზიციას.