მამუკა მდინარაძე - არჩევნების წინ ასე ყასიდად ბოდიშის მოხდა ნიშნავს ხმების მოპოვების მცდელობას, როგორც იქნა მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა და აღიარა უმძიმესი დანაშაულები
არჩევნების წინ ასე ყასიდად ბოდიშის მოხდა ნიშნავს ხმების მოპოვების მცდელობას, როგორც იქნა მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა და აღიარა უმძიმესი დანაშაულები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ამ ბოდიშით აღიარა ქვეყნის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მისი სატელიტები და თანამზრახველები ამ აღიარების შემდეგაც ვერ ბედავენ, რომ სააკაშვილს პოლიტდევნილი არ უწოდონ.
„როგორც იქნა, ამ კაცმა უმძიმესი დანაშაულები აღიარა. თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, ბოლო წლების განმავლობაში, რაც ის ხელისუფლებაში აღარ არის, მან პირველად გაბედა და გამოიყენა ფრაზა – უმძიმესი შეცდომები. აქამდე ამას უბრალოდ შეცდომებს არქმევდნენ, სინამდვილეში კი ძალიან მძიმე დანაშაულებია, რაზეც სასამართლოს მიერ განაჩენია დამდგარი.
ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მაგალითად, „ნაცმოძრაობამ“ ცნობილი რეზოლუციის მხარდაჭერით ღალატი ჩაიდინა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალა. მიხეილ სააკაშვილმა ეს თავის ვიდეოკლიპში აღიარა. ასევე, მან აღიარა, რომ ამ ქვეყანაში მოჩვენებითი განვითარება მიდიოდა და შემდეგ აღმოაჩინა ხალხმა, რომ სიღარიბე თურმე მხოლოდ 34-დან 30 პროცენტამდე შემცირებულა. თურმე განვითარება ყოფილა ფასადური, თურმე ის რაღაც მშენებლობები ყოფილა ფასადური, რამდენიმე იმდენად გააპიარეს, რომ მოჩვენებითი წარმატების ილუზია შეუქმნეს მოსახლეობას. ადამიანის უფლებები იმდენად იყო „დაცული“, რომ როდესაც ოჯახის წევრები სამზარეულოში გადიოდნენ, ტელეფონებს მეორე ოთახში ტოვებდნენ, რომ რამე არ წამოსცდენოდათ, რისთვისაც მერე პასუხისგებაში მისცემდნენ ან აწამებდნენ. ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა აღიარა და უბრალოდ ამას უმძიმესი შეცდომები დაარქვა და არა – უმძიმესი დანაშაულები, რაც უფრო სწორი იქნებოდა.
გუშინ თანამზრახველები ამ უმძიმეს დანაშაულებში და დღეს მისი სატელიტები ვერ ბედავენ, რომ მას პოლიტდევნილი არ დაარქვან. ხომ, ვიცით, რომ ის იყო ბელადი და დანარჩენი, ვინც დღეს ოპოზიციაშია, მათი უდიდესი ნაწილი, დაკვეთის შემსრულებელი იყო. დღეს ისინი ვერ ბედავენ, რომ არათუ პასუხი აგონ ამ დანაშაულზე, არამედ მიხეილ სააკაშვილს პოლიტდევნილი არ უწოდონ; რამდენიმე საქმის სტრასბურგში გასაჩივრებასაც ვერ ბედავენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ ბოდიშის მოხდის მიზანი იყო არჩევნებზე ხმების მოპოვება და არა სინანული.
„არჩევნების წინ ასე ყასიდად ბოდიშის მოხდა ნიშნავს ხმების მოპოვების მცდელობას. ამ მიზნით როგორც იქნა წამოსცდა და აღიარა უმძიმესი შეცდომები და დანაშაულები. ამის შემდეგ კიდევ ბედავენ და საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება იყოს პოლიტდევნილი. მათ გარდა ამას აღარავინ ლაპარაკობს, არც ამ ქვეყანაში და არც ამ ქვეყნის გარეთ. ჩემი აზრით, ყველას უნდა მოეკითხოს დღეს პასუხი, ვინც მის მესიჯებს ახმოვანებს და „აპრავებს“; რას იტყვიან დღეს, როდესაც მათმა ბელადმა თავად აღიარა წლების შემდეგ ის უმძიმესი დანაშაულები, იღებენ თუ არა ამაზე პასუხისმგებლობას?“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან, დასძინა, რომ საქართველოში ბრუნდება.