მამუკა მდინარაძე - არავინ ინტერესდება, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ წიქარიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება, დავინტერესდეთ, ვნახოთ, გადაწყვეტილებაში რა წერია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არავინ ინტერესდება იმ საკითხით, სასამართლომ რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა.
მდინარაძის თქმით, ყველამ უნდა ჩაიხედოს, რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ამის შემდეგ გამოიტანოს დასკვნები.
„მაქსიმალურად ნეიტრალური ვიქნები – მთავარია, კანონიერი იყო თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ კანონიერი იყო და საფუძველი ჰქონდა, მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ყველანი, მათ შორის ნაცმედია, იტყუებიან. სუბიექტური და არაკანონიერი თუ იყო, თუ არარეალური მიზეზები მოიტანა სამოტივაციო ნაწილში, მაშინ სხვა რამესთან გვაქვს საქმე და რაღაც ნაწილში, შეიძლება, მართლები იყვნენ. არავინ ინტერესდება იმით, რა წერია, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება. თუ არსებობს არგუმენტები და კანონიერი არის თავად გადაწყვეტილება წიქარიშვილის საქმეზე, მაშინ თქვენი ნარატივი ტყუილია. თუ არ არის ასე, მაშინ, შეიძლება, რაღაც სიმართლესთან იყოს, რასაც ნაცმედია ორი დღის განმავლობაში ახმოვანებს. დავინტერესდეთ, ესენი ამბობენ, რომ რაღაც კლანია და იჩაგრება წიქარიშვილი, სხვა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შეუძლებელია, სხვა სისტემაა და სასამართლო დამოუკიდებელი, თავისუფალი და ობიექტურია. რომელიღაც ხომ ტყუის? ვნახოთ, გადაწყვეტილებაში რა წერია, ვიღაცამ გაამხილოს და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ. თუ ობიექტური იქნება, მაშინ ესენი ყველაფერს იტყუებიან და საზოგადოებისთვისაც დასკვნა მარტივია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა. სასამართლო განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. საქალაქო სასამართლოს განცხადებით, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის დანიშვნის დავალება. ამავე სარჩელით, მოსარჩელემ იშუამდგომლა სამართალწარმოების დასრულებამდე პრეზიდენტის 15 ივლისის განკარგულების მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინებით, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის დანიშვნის აკრძალვა. საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, მომჩივნის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.