მამუკა მდინარაძე - არასწორია საუბარი, კონკრეტული ადამიანი იქნება თუ არა თანამდებობაზე, მით უმეტეს, როცა ის არჩეული პირია
ძალიან საქმიანი, დეტალებსა და საქმეზე ორიენტირებული საუბარი იყო, ჯანსაღი დისკუსია. დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტი იყო და არა რაღაც ნორმები, რომელზეც შეიძლება მსჯელობა. ნორმები ახლა უნდა შეიქმნას, დაახლოებით ერთკვირიანი ვადა ავიღეთ, რომ სამუშაო ჯგუფში ყველას პოზიცია იყოს შემოსული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, შეხვედრაზე გაირკვა, რომ ელექტრონულ სისტემაზე, როგორც სკეპტიკური, ასევე ოპტიმისტური მოსაზრებები არსებობს.
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ისტორიული და უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ, ბევრი დეტალი იქნება, ბევრი ცვლილება იქნება. „მოქალაქეების“ მხრიდანაც მოსაზრება იყო, რომ დაახლოებული იყოს იმ პოზიციებთან, რაც ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით შეთანხმდა და სადაც იყო ყველა პოლიტიკური ძალის აზრი წარმოდგენილი. ანუ, მათი პოზიციების გათვალისწინებითაც მოხდეს. ამას ერთი მხრივ აქვს პოლიტიკური მდგენელი და დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ეს შეთანხმება ნორმებად იქცეს და მას სწრაფი აღსრულება მოჰყვეს. უმოკლეს ვადაში აბსოლუტურად სხვა სახის არჩევნებზე უნდა გადავიდეთ. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, სპეკულაციებისთვის სივრცეს არ დატოვებს. უდიდესი გამოწვევაა, რომ ეს ყველაფერი მალე მოხდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, კითხვაზე, აღნიშნული მემორანდუმის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარე კვლავ იქნება თუ არა თამარ ჟვანია, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ კონკრეტულ ადამიანებზე საუბარი არასწორია.
„როგორც კანონის, ასევე თუნდაც პოლიტიკურად, არასწორია, რომ მე სახელებზე და გვარებზე ვისაუბრო, კონკრეტული ადამიანი იქნება თუ არა თანამდებობაზე. მით უმეტეს, როცა ის არჩეული პირია. ამას მომავალი გვაჩვენებს, მისი პირადი გადაწყვეტილება. საუბარი მაქვს არა მხოლოდ ცესკო-ზე. როცა არის ვადით არჩეული ადამიანი და მასზე მეკითხებით, იქნება თუ არა, არ შეიძლება, პოლიტიკოსმა პასუხი გაგცეთ, ის იქნება თუ არა თანამდებობაზე. ცესკო-ს დაკომპლექტების წესი სამივე დონეზე იყოს გარკვეული ცვლილებები, ეს არის შეთანხმება და ამას უნდა მიეცეს ნორმების სახე“, – განაცხადა მდინარაძემ.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამ ფორმატში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ცესკო-ს წარმომადგენლები. დისკუსიის მთავარი თემაა საარჩევნო რეფორმის განხორციელება და ის მემორანდუმია, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა. რეფორმა ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლებურად დაკომპლექტებას, ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას და ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას.