მამუკა მდინარაძე - არასწორია ინტერპრეტაცია, რომ პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენების გამო ასამართლებენ
მამუკა მდინარაძე - არასწორია ინტერპრეტაცია, რომ პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენების გამო ასამართლებენ

უმრავლესობის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე ოპონენტებისა და პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამაოგნებელს უწოდებს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განსაკუთრებულად გამაოგნებელია, როდესაც განაჩენს აკრიტიკებენ იურისტები. მიდი თქმით, სააკაშვილს მსჯავრი არა პატიმრების შეწყალებისთვის, არამედ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დაედო.

„იცავენ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც იდგა იმ დანაშაულებრივი სისტემის სათავეში, რომელმაც სცადა, გირგვლიანის საქმე ჩაეფარცხა და ამ კომენტარებით უპირისპირდებიან როგორც ქართული სასამართლოს, ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც თავის დროზე თქვა, რომ გაოგნებულია იმ სისტემური დანაშაულით – მათ შორის შეწყალებაზეც იყო საუბარი, რომელიც მოხდა საქართველოში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციაა, თითქოს „ვიღაც პრეზიდენტს ასამართლებს შეწყალების გამოყენების გამო“.

„რეალურად, საქმე გვაქვს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან. იმ ლოგიკას რომ გავყვეთ, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ავითარებენ, გამოდის, რომ მაგალითად, თუ პრეზიდენტმა აიღო ქრთამი და ამის სანაცვლოდ შეიწყალა კონკრეტული მსჯავრდებული, ეს არ უნდა ჩაითვალოს დანაშაულად. ეს არის აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტირება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა 3 იანვარს დასრულდა და მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები რამდენიმე წელია მიმდინარეობს. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ბრალის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირებისათვის პასუხისგების აცილების მიზნით სააკაშვილმა პირობა გასცა, რომ ოთხ მსჯავრდებულსალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძეს, გერონტი ალანიასა და ავთანდილ აფციაურს შეიწყალებდა.