მამუკა მდინარაძე - არასერიოზულია, თითქოს არსებობს საფუძველი, არ დაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომა, რაღაცებს იგონებენ და შეაქვთ სარჩელები, ამ ყველაფერს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
მამუკა მდინარაძე - არასერიოზულია, თითქოს არსებობს საფუძველი, არ დაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომა, რაღაცებს იგონებენ და შეაქვთ სარჩელები, ამ ყველაფერს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გაუგებარია განცხადებები, თითქოს ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

მდინარაძის თქმით, სარჩელებთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს.

„მათი ტელევიზიის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, აქტივის წარმომადგენლები მთელი სერიოზულობით იმეორებენ, რომ ელექტრონულ არჩევნებში გაყალბდა 300 000 ხმა, რომ არსებობს საფუძველი, არ დაინიშნოს პირველი სხდომა. აბსოლუტურად გასული არიან მომსახურების ზონიდან. იმდენად არასერიოზულია, რომ სერიოზული პასუხები ამაზე ჭირს. არ არსებობს უბრალოდ ნორმა, ჩანაწერი სადმე, რეგლამენტში ან კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, რასაც ისინი ლაპარაკობენ, ეს შეიძლება მოხდეს. თუ ნორმა არ არსებობს, თუ სამართლებრივი რეგულაცია არ არსებობს, რას აჩერებენ, როგორ აჩერებენ? საერთოდ რას ლაპარაკობენ? დღეს ახალი ამბავი ისიც გავიგეთ, თითქოს კალანდარიშვილი არ უნდა დაესწროს პირველ სხდომასო. ამაზე შეიტანა ვიღაცამ სარჩელი. უბრალოდ, რაღაცებს იგონებენ და შეაქვთ სარჩელები. ამ ყველაფერს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და ამიტომ ამაზე სერიოზული საუბარი უკვე ჭირს, ისევე როგორც ჭირს სერიოზული საუბარი ელექტრონულ არჩებნებში 300 000 ხმის გაყალბებაზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელების განხილვის ვადა ერთი თვეა, სესიის მოწვევის საკითხი კი მათთან დაყენებული არ არის.