მამუკა მდინარაძე - არასდროს დავუშვებთ, რომ გარკვეული არასწორი ინფორმაციის გამო, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის საკითხი საეჭვო გახდეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო არასდროს დაუშვებს იმას, რომ გარკვეული არასწორი ინფორმაციის გამო, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის საკითხი საეჭვო გახდეს.
ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე სენატორების დღევანდელ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს პარტნიორობას ყველა ფორმატში.
მისი თქმით, ბუნებაში არ არსებობს რამდენიმე ფაქტი, რაც სამწუხაროდ, საფუძვლად დაედო კრიტიკას.
„მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი არსად დამუქრებია ოპოზიციას, რომ მათ ციხეში გაუშვებს. ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რომელიც სხვა რამეზე იყო მიმართული. ივანიშვილი საუბრობდა, რომ დასანანია, ადამიანები რევოლუციურ სცენარში რომ შედიან, კედელს თავს ურტყამენ და არ ჰყავთ დამრიგებელი, რათა ასეთ ქმედებებზე არ წავიდნენ და უწევთ ციხეში წასვლა. ეს არის სინანულის კონტექსტში ნათქვამი, რომელიც არასწორად გამოიყენეს კრიტიკისთვის. როდესაც საუბარია, რომ მშვიდობიანი აქციის დაშლა ძალადობრივად მოხდა, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, კრიტიკას საფუძვლად რამდენიმე არასწორი ფაქტი დაედო. ამის აღმოფხვრის საშუალება მხოლოდ ერთია – როცა პირდაპირი კომუნიკაცია იქნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, იქ გაირკვეს დეტალები და ამის შემდეგ კვლავ ვისაუბროთ ამ თემებზე. ძალიან ცუდია, როცა კრიტიკა არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით ხდება და ამის აღმოფხვრის მიზნით, ინტენსიური კომუნიკაციის დროს ბევრი საუბარი გვექნება. თუნდაც, კამათი, და შევეცდებით, რომ მათ რეალური ფაქტობრივი გარემოებების შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ, მათ შორის – ვიდეომტკიცებულებებით. ამერიკა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ვფიქრობ, ურთიერთობის გადახედვის არანაირი საფრთხე არ არსებობს. საქართველო აგრძელებს პარტნიორობას ყველა ფორმატში. საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ გარკვეული არასწორი ინფორმაციის გამო, საეჭვო გახდეს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხი. აქედან გამომდინარე, ეს საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს. ეს თემები უფრო დაზუსტებით გაირკვევა ჩვენი ვიზიტის დროს აშშ-ში, რომელიც დაგეგმილია უახლოეს მომავალში“, – აცხადებს მდინარაძე.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელების წყარო ის ხალხია, რომელთაგან ნაწილი კრემლის აგენტობაზე ოცნებობს, ნაწილი – სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტობაზე.
„მაგალითად, გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საუბარი იყო კრემლისა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტობაზე. როდესაც მათ ქვეყნის შიგნით დასაყრდენი არ აქვთ, ამასაც კი გაახმოვანებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში, სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს და არც დავასახელებ“, – დასძინა მდინარაძემ.