მამუკა მდინარაძე არასამთავრობოების მარშზე - როდესაც შიგნით მტრები გყავს, რომლებიც ებრძვიან ევროინტეგრაციას და მერე მარშით გამოდიან, მოგვეცით სტატუსიო, ამაზე მეტი ფარისევლობა არ არსებობს
როდესაც შიგნით მტრები გყავს, რომლებიც ებრძვიან ევროინტეგრაციის პროცესს და მერე მარშით გამოდიან, მოგვეცით სტატუსიო, ამაზე მეტი ფარისევლობა და თვალთმაქცობა არ არსებობს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ამ თვალთმაქცობასა და ფარისევლობაში ჩართულია, სინამდვილეში, ერთი ოპოზიციონერი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სიმბოლურადაც აღარ არის პრეზიდენტი.
„ეს მარში თუ არ იქნა, გამორიცხულია, პოზიტიური გადაწყვეტილება რომ იყოს. რა სისულელეს აკეთებენ, რაღაცნაირად მიეწებონ ამ თემას. ამ თემაზე მიწებება თუ უნდოდათ, მოსულიყვნენ, დამსხდარიყვნენ და ელემენტარული საქმე მაინც გაეკეთებინათ, ფული არ ეხადათ ლობისტებში საქართველოს დასაზიანებლად, წინა პერიოდში, ევროპაში და ამერიკაში არ ერბინათ ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის ჩასაშლელად, იქ სიბინძურეები, სხვადასხვა სტატია არ შეეკვეთათ და ამაში უზარმაზარი თანხები – მილიონობით დოლარი არ გადაეხადათ და მერე საზოგადოება დაიჯერებდა, რომ მათაც რაღაც წვლილი შეიტანეს. საქართველოსთვის პოზიტიურად, მომგებიანად რომ მოქცეულიყვნენ, წელს კი არა, შარშან გვექნებოდა კანდიდატის სტატუსი. შემთხვევით არ ვამბობ, ბევრი რამე იყო ამაზე დამოკიდებული, მაგრამ როდესაც შენ შიგნით მტრები გყავს, რომლებიც ებრძვიან ევროინტეგრაციის პროცესს და მერე მარშით გამოდიან, მოგვეცით სტატუსიო, ამაზე მეტი ფარისევლობა და თვალთმაქცობა არ არსებობს. სამწუხარო, იცით, რა არის? ჩვენ მიერ მხარდაჭერილი და არჩეული პრეზიდენტი, ვითომ პრეზიდენტი, სიმბოლურადაც რომ აღარ არის და ფორმალური პრეზიდენტია, სინამდვილეში, ერთი ოპოზიციონერი სალომე ზურაბიშვილიც ჩართულია ამ თვალთმაქცობასა და ფარისევლობაში. თუ ძალიან უნდათ, შეუერთდნენ საერთო ზეიმს, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების დღეს იქნება და უკვე დაანონსდა. გამოვიდნენ წყნარად, მშვიდად, ცოტა თავი დახარონ და მოიბოდიშონ იმისთვის, რა სიბინძურეებიც აკეთეს მთელი ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რის ფასად უნდოდათ რაღაცების გაკეთება, ისიც მოინანიონ და მერე ოდნავ მაინც დავუჯერებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.