მამუკა მდინარაძე - არანაირი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება, ვიდრე საქართველოს ყველა მოქალაქე დარწმუნებული არ იქნება, რა გადაწყვეტილებას იღებს საპენსიო დანაზოგზე
მიმაჩნია, რომ საპენსიო სააგენტოს მეტი კომუნიკაცია მართებდა. ვიდრე საქართველოს ყველა მოქალაქე არ იქნება დარწმუნებული, რა გადაწყვეტილებას იღებს თავის დანაზოგზე, რომელმაც ღირსეული ცხოვრება უნდა უზრუნველყოს სიბერეში, მანამდე არანაირი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საპენსიო სააგენტომ უნდა მიიღოს ჩვენი კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია მისი საქმეა.
„ვიდრე თითოეულ ადამიანს არ გააგებინებ, რაშია საქმე, არ შეიძლება, რაღაცაზე ისაუბრო. საპენსიო სააგენტომ უნდა მიიღოს ჩვენი კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია მისი საქმეა და ყველა საკითხზე მათი ინფორმირება. როცა ბრიფინგს ატარებ და ამ საკითხს არ ახსენებ, ეს სწორი არ არის. საზოგადოებას ეუბნები, რა კარგია რაღაც და არ ეუბნები, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ოთხი წელი არ დადგება, არასწორია. ამ ბრიფინგის შემდეგ ბევრმა მოქალაქემ დანაზოგების გადატანა-გადმოტანა დაიწყო, ეს არ უნდა იყოს გაურკვევლობის მიზეზი. არ გამოვრიცხავ, რომ ყველა დანაზოგი ე.წ. დაბალრისკიანში დარჩეს და ვისაც გადატანა მოუნდება, თავად გადაიტანოს. შეიძლება, ამ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, მაგრამ ამაზე ჯერ გუნდში არ გვიმსჯელია. 2028 წლამდე ისე რჩება, როგორც იყო. თუ მოქალაქეების გადაწყვეტილება იქნება, საკუთარი დანაზოგი სხვადასხვა პორტფელში განათავსოს, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება. შესაბამისი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერს არის დაგეგმილი.