მამუკა მდინარაძე - არახამიას განცხადება არის თავად უკრაინის ხელისუფლების მიერ გახმოვანებული ახალი, უტყუარი მტკიცებულება, რისი თავიდან არიდება მოგვიწია, რა მოვახერხეთ და რას ავცდით
დავით არახამიას განცხადება არის თავად უკრაინის ხელისუფლების მიერ გახმოვანებული ახალი, მყარი, უტყუარი მტკიცებულება, რას გადარჩა ეს ქვეყანა ბოლო ორი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებაზე. მდინარაძის თქმით, ეს სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტი საკითხებია, ხოლო საქართველოს თავისი კურსი არჩეული აქვს.
„ამ თემის სიღრმეებში არ შევალ. ეს სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტი საკითხებია. ჩვენ ჩვენი კურსი არჩეული გვაქვს, ამ კურსზე მყარად ვდგავართ, კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ ამის შესახებ და ა.შ. თუმცა, არახამიას განცხადება, მეორე მხრივ, აშკარად ადასტურებს ერთ რამეს, რომ რაც ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში, და არამხოლოდ ხელისუფლების, რომ არა ხალხის სიბრძნე, ჩვენ ამას ასე ღირსებით, ამაყად, ორ ფეხზე დგომით ვერ მოვახერხებდით, ამას ასე შემთხვევით არ ვამბობ. რასაც მოვახერხებთ მომავალში, აქაც დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის სიბრძნე დაგვეხმარება. გვეუბნება ორი ქმედება, ერთი, რა განცხადებები კეთდება უკრაინის ძალიან გავლენიანი წარმომადგენლების მხრიდან; და მეორე, რას ვაკეთებდით ჩვენ ამ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით იმას, თუ რა გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ კი არა. ჩვენ ვალდებულები ვართ, რაღაცები გადავიტანოთ, მოვითმინოთ და მყარად ვიდგეთ, ეს ხელისუფლების მიმართ ხალხის დაკვეთაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, კიდევ ერთი მტკიცებულება შეიქმნა, ქვეყანა რას ასცდა და რა გადაიტანა.
„ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ მოგვიწოდებდნენ პირდაპირ ომისკენ და მერე გვეუბნებიან, რომ ეს არის დეზინფორმაცია, ომი საიდან მოიტანეთო, როდესაც უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები პირდაპირ, არაერთგზის მოგვიწოდებდნენ. წელიწად-ნახევრის შემდეგაც გაიმეორა, მაგალითად, დანილოვმა, მათი ქართველი პარტნიორები ამ საქმეში რას ამბობდნენ, ეს გასახსენებელი აღარ არის. პირდაპირი მოწოდების მიუხედავად, ქართველებს გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია. კარგი, შევეგუეთ ამას, ფარაზე სადაც გვითხრეს, რომ რუსული კანონი იყო, გავიგეთ, შევეგუეთ, თეთრზე შავს გვეუბნებიან, ეს რაღაც მოცემულობად მივიღეთ და უნდა ვებრძოლოთ ამას, ხალხი უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში, რა ხდება. მაგრამ ეს უკვე არის თავად უკრაინის ხელისუფლებაში და მათ მიერ გახმოვანებული ახალი, მყარი, უტყუარი მტკიცებულება, რას გადარჩა ეს ქვეყანა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რისი თავიდან არიდება მოგვიწია და ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე რომ ვთქვათ, რა მოვახერხეთ და რას ავცდით. ეს მტკიცებულება, არახამიას ეს განცხადება სწორედ ამას ამყარებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.