მამუკა მდინარაძე - არაფერია იმაზე ეროვნული და ევროპული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა, ამ პათოსით იყო პრემიერის სიტყვაც, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას სწორად იგებს
ტრადიციების დაცვა, იდენტობის შენარჩუნება და, შენი კულტურის, გუშინდელი დღისა და იდენტობის შენარჩუნების პარალელურად, განვითარებაზე, ევროპელობაზე, პროგრესზე ზრუნვა არის მთავარი, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამ პათოსით იყო გაჟღენთილი პრემიერის სიტყვაც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში სიტყვით გამოსვლაზე კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, არაფერია იმაზე ეროვნული და იმაზე ევროპული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა, უპირატესად საკუთარ სამშობლოზე ფიქრი და საქმის კეთება ამისთვის.
„ეროვნული ტრადიციების დაცვა, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და ყველაფერი საუკეთესოს შენი ქვეყნიდან, შენი კულტურის, გუშინდელი დღისა და იდენტობის შენარჩუნების პარალელურად, ხვალინდელზე, განვითარებაზე, ევროპელობაზე, პროგრესზე ზრუნვა – ეს არის მთავარი, რაც ყველაზე ძალიან და სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ამ პათოსით იყო პრემიერის სიტყვაც გაჟღენთილი და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას აბსოლუტურად სწორად იგებს. დიდ უმცირესობაში არიან ის პოლიტიკოსები თუ ადამიანები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც ამას სხვა სახელს არქმევენ. მაშინ მათ უნდა თქვან, სად დგანან, რა ღირებულებებია მათთვის მთავარი, თუ არა ეროვნული ღირებულებები, ეროვნული იდენტობა; რომელ მხარეს დგანან, როდესაც ამ ყველაზე სწორ საკითხებზეა საუბარი ქართული საქმის კეთებისთვის. ამავდროულად, ევროპული საქმის კეთებისთვის. ეს იყო პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილი და, ბუნებრივია, ამას ქართული საზოგადოება დღესაც და ხვალაც მხარს დაუჭერს, ისევე, როგორც წარსულში, ამ ღირებულებებზე ყოველთვის სწორი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უმცირესობების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფო უზრუნველყოფს ნებისმიერი უმცირესობის უფლების ზედმიწევნით დაცვას.
„სად ნახეს ან ძალადობა, ან უმცირესობების უფლებების დარღვევა? პირიქით, ქართული სახელმწიფო, განსაკუთრებით ბოლო წლებში, უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი უმცირესობის უფლება ზედმიწევნით იყოს დაცული, ნებისმიერი უმცირესობის ნება იყოს გამოხატული, კანონის დონეზე თუ სხვა ნებისმიერ ასპექტში, როგორც ეს ადამიანის უფლებების დაცვის ნებისმიერი კონტექსტით არის გათვალისწინებული. მაგრამ როდესაც საუბარია, რომ გარკვეული პროპაგანდა უნდა იქნას თავს მოხვეული, ეროვნული ინტერესების, კულტურის, ჩვენი წარსულის, ღირსების, ღირებულებების და, ზოგადად, ყველა საერთო ღირებულების საპირისპიროდ, ეს არის ის, რასაც უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა. მაგალითად, გუშინაც იყო საუბარი, მაინც და მაინც კანონი ხომ არ სჭირდება. არა, კანონი ამას არ სჭირდება. არაჯანსაღ პროპაგანდას სჭირდება ჯანსაღი პროპაგანდა. ამორალურს სჭირდება სწორი მორალის დაპირისპირება. ამაზე ვსაუბრობთ. როდესაც ვსაუბრობთ ეროვნულ იდენტობაზე და ღირებულებებზე, ისე წარმოაჩენენ ხოლმე, თავს – უკაცრავად გამოთქმისთვის – გამოიშტერებენ, თითქოს საერთოდ ვერ ხვდებიან, რაზეა ლაპარაკი. ოღონდ იმაზეა ლაპარაკი, რასაც ისინი აკეთებენ ხოლმე წლების განმავლობაში, რის წინააღმდეგაც იბრძვიან. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენლის მიმართ, ამ ინსტიტუტის მიმართ. სულ რომ არ იყო მორწმუნე, ხომ უნდა სცემდე პატივს შენს გუშინდელ დღეს, რაზეც ხვალინდელი უნდა იყოს დაფუძნებული. ამ ევროპულობას, ამ შემთხვევაში ქრისტინულ ევროპულობას, ტოლერანტობას, რაც სხვა ერების თუ კონფესიების, რელიგიების წარმომადგენლების მიმართ ყოველთვის ჰქონდა ქართველს და საქართველოს მოქალაქეს, ამას ხომ უნდა სცემდე პატივს. ამის წინააღმდეგ რომ იბრძვიან, წარსულში ყველაფერს რომ ებრძვიან, მათ შორის რელიგიასთან მიმართებით, ისტორიაში აღიარებულ ადამიანებთან მიმართებით, გმირ მეფეებთან მიმართებით, ამას რომ ებრძვიან, ახალი ამბავია? ამას ხომ ერთიანი ფრონტით უტევევენ ხოლმე. და ახლა, როდესაც ამის საპირისპირო სწორ მორალურ ღირებულებზე, იდენტობაზე, ქართულ იდენტობაზე, ქართულ კულტურასა და ტრადიციებზეა საუბარი, თითქოს ვერ ხვდებიან, რაზეა ლაპარაკი და რა არის სწორი ამ ქვეყნისთვის. სწორედაც ხვდებიან, მაგრამ ამას ებრძვიან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.