მამუკა მდინარაძე - არადამაჯერებელი და წარმოუდგენელია, რომ აშშ-ის ელჩმა არ იცოდა, მისი თანამშრომელი რას აკეთებდა
ძალიან ცუდია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ან იცნობს ამ დოკუმენტს და სიმართლეს არ ამბობს, ან მართლაც არ იცის, რომ მის თანამშრომელთან დაკავშირებით იყო ისეთი ჩართულობის ფაქტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე, რომ მას არ უნახავს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელზე ვსაუბრობთ, არადამაჯერებელი და წარმოუდგენელია ის, რომ ელჩმა არ იცოდა, მისი თანამშრომელი რას აკეთებდა.
„არ მინდა, ჩვენს ურთიერთობებს რაიმე ზიანი მივაყენო ჩემი რომელიმე ფრაზით, სიტყვით, წინადადებით ან კომენტარით ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ძალიან ცუდია ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ან იცნობს ამ დოკუმენტს და სიმართლეს არ ამბობს, ან მართლაც არ იცის, რომ მის თანამშრომელთან დაკავშირებით იყო ისეთი ჩართულობის ფაქტი.
თუ მან არ იცის, რომ მისი თანამშრომელი იყო ჩართული ამაში და FARA-სგან შეიტყო ახლა უკვე, იმიტომ, რომ, იმედია, ამდენი ხანი გაეცნობოდა ქალბატონი კელი ამას, ამ შემთხვევაში წარმოუდგენელია.
მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელზე ვსაუბრობთ ამ ქვეყანაში, არადამაჯერებელი და წარმოუდგენელიც შეიძლება დავარქვათ, რომ მისი თანამშრომელი რას აკეთებდა, არ იცოდა. თუ სიმართლე არ არის ის, რომ არ იცნობს, ეს ცუდია, თუ ჩართული იყო და არ იცის, ესეც ცუდია, თუ იცის და ხელს უწყობდა, ესეც ცუდია, სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს ასეთი, შეიძლება მოზომილი, მაგრამ მაინც განცხადების გაკეთება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.