მამუკა მდინარაძე - არათუ სათაკილო, არამედ საამაყოა ისეთი დაფინანსებით ისეთივე საქმის კეთება, რომელიც უცხოურ კეთილშობილურ ინტერესთან ერთად ქართულ, ეროვნულ საქმესაც ემსახურება
შემდეგი დაპირებული თემა: რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, ბოლოს სათაურს ჩაეჭიდნენ, სტიგმატიზაციას ახდენს და ამ სათაურის და სახელის ქვეშ ცოცხალი თავით არ ვიმუშავებთო. „უცხოური ძალის ინტერესების გატარება“ ეს არის ფაქტის კონსტანტაცია მაშინ, როდესაც ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება. არათუ სათაკილო, არამედ საამაყოა ისეთი დაფინანსებით ისეთივე საქმის კეთება, რომელიც უცხოურ კეთილშობილურ ინტერესთან ერთად ქართულ, ეროვნულ საქმესაც ემსახურება, – ამის შესახებ საპარალემენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძის თქმით, „ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია ამაყად განაცხადებს, რომ, მაგალითად, ევროპული დაფინანსებით ატარებს ევროპულ ინტერესს საქართველოში, რაც ამავდროულად ქართული, ეროვნული საქმეა“.
„იდეალური თანხვედრაა! დასამალიც არაფერი, პირიქით. სათაკილო, დასამალი და ნეგატიურ კონტექსტში სასტიგმატიზაციო მხოლოდ მაშინ ხდება დაფინანსება, როდესაც ის შავბნელ და ანტიეროვნულ საქმეებს ემსახურება. და ბოლოს, მოდით ვნახოთ, ანალოგიური სფეროს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, რეგულირების როგორი პრაქტიკაა მსოფლიოში – მოქმედ და დაინიცირებულ კანონმდებლობებში: 1. აშშ • სათაური: „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (Foreign Agents Registration Act) • პირის დასახელება: უცხოური პრინციპალის აგენტი 2. ევროკავშირი • სათაური: „მესამე ქვეყნების სახელით განმახორციელებელი ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ შიდა ბაზარზე ჰარმონიზებული მოთხოვნების დაწესება“ (Establishing harmonised requirements in the internal market on transparency of interest representation carried out on behalf of third countries) • პირის დასახელება: ინტერესების წარმომადგენლობის მომსახურების გამწევი (ევროკავშირის თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა შექმნას რეესტრი ასეთის არარსებობის შემთხვევაში). 3. რუსეთი • სათაური: „უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ პირთა საქმიანობის კონტროლის შესახებ“ (О контроле задеятельностью лиц, находящихся под иностранным влиянием) • პირის დასახელება: უცხოური აგენტი 4. გაერთიანებული სამეფო• სათაური: „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“ (FIRS – Foreign Influence Registration Scheme) • პირის დასახელება: სპეციფიკური პირი (specified person) 5. ავსტრალია • სათაური: „უცხოური გავლენის გამჭირვალობის სქემის აქტი“ (FITS – Foreign Influence TransparencyScheme Act) • პირის დასახელება: უცხო სახელმწიფოსთან დაკავშირებული იურიდიული პირი/უცხო სახელმწიფოსთან დაკავშირებული ფიზიკური პირი. 6. კანადა • სათაური: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის გაძლიერება“ (განახლებული: კანადის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება) (Enhancing ForeignInfluence Transparency) • პირის დასახელება: უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედი ფიზიკური და იურიდიული პირები.
7. საფრანგეთი• სათაური: „კანონი „უცხოური ჩარევის დასაძლევად“ (Law to counter foreign interference) • პირის დასახელება: უცხოური პრინციპალის ინტერესების წარმომადგენელები 8. სლოვაკეთი • სათაური: უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების შესახებ • პირის დასახელება: უცხოური მხარდაჭერის მქონე ორგანიზაცია 9. ახალი ზელანდია • სათაური: Electoral Act – საარჩევნო აქტი; Crimes Act- დანაშაულების შესახებ აქტი; Companies Act – კომპანიების შესახებ აქტი (კანონი არ არის ერთიანი კონსოლიდირებული სახით) • პირის დასახელება: კონკრეტულად განსაზღვრული არ არის
10. ისრაელი • სათაური: „უცხოური ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების შესახებ“ კანონი“ (Law Requiring Disclosure by NGOs Supported by ForeignGovernmental Entities) • პირის დასახელება: უცხოური მხარდაჭერის მიმღები. ამ ათი მაგალითიდან, რუსეთის მაგალითს რომ დასდევენ დიდი რუდუნებით, დანარჩენ ცხრაში რა ხდება, სტიგმაა, მაგრამ დასავლური, დემოკრატიული სტიგმაა და კარგია? ცოტა უფრო სერიოზულად თუ შევხედავთ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები დასახელებასაც და ფაქტის კონსტანტაციასაც კი არანაკლებ ან/და უფრო მკაცრად უდგებიან! ამიტომ, ხო არ ჯობია იმის ციტირებას, რა თქვეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ჯერ ის ვნახოთ, რა ქნეს და იმით ვიხელმძღვანელოთ, თუ მაინცდამაინც მიბაძვა გინდათ?!“ – წერს მდინარაძე.