მამუკა მდინარაძე - არამხოლოდ „ენჯეოები“, ოპოზიციის წარმომადგენლებიც ცდილობენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავებას კი არ შეუწყონ ხელი, არამედ შეუშალონ
მდიდარი „ენჯეოები“ არიან, მაგრამ ამაში არ არის მთავარი პრობლემა, რეალურად მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ რამენაირად გაეფუჭებინათ ქართული სახელმწიფოს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, არა მხოლოდ „ენჯეოსექტორი“, არამედ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლებიც ცდილობენ, საქართველოს ხელი შეუშალონ.
„ახლა, როდესაც ქალბატონი დანიგანის გზავნილები არის უაღრესად პოზიტიური, როდესაც ჩვენ ძალიან საფუძვლიანი იმედი გვაქვს იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადავა პოზიტიური თვალსაზრისით, ყველა ნიშანია ამისა, ამ ფონზე განსაკუთრებულ ისტერიაში არიან და ცდილობენ, არამხოლოდ ისინი, როგორც ვატყობ, ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომ პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავებას კი არ შეუწყონ ხელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, არამედ ხელი შეუშალონ. ყველაფერს აკეთებენ ამისათვის. ამის გამოძახილი იყო გუშინაც ის ე.წ. რაღაც საერთო პლატფორმიდან გამომდინარე განცხადებების კეთება, რაც აზიანებს და პირდაპირ მიმართულია ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობის დაზიანებისკენ“, – განაცხადა მდინარაძემ.