მამუკა მდინარაძე - არ ვიცოდი, უგულავა გვიან თუ გაიღვიძებდა, თორემ უმრავლესობის სხდომას 11 საათზე დავნიშნავდი
მამუკა მდინარაძე - არ ვიცოდი, უგულავა გვიან თუ გაიღვიძებდა, თორემ უმრავლესობის სხდომას 11 საათზე დავნიშნავდი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე უმრავლესობის დღევანდელი სხდომის 10:00 საათზე გამართვის მიზეზს განმარტავს.

მისი თქმით, უმრავლესობას კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა პლენარულ სესიამდე უნდა მოესწრო.

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 10:00 საათზე დავნიშნე, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. არ ვიცოდი, თუ უგულავა გვიან გაიღვიძებდა, თორემ დავნიშნავდი 11:00 საათზე. ალბათ, ამაზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება. უმრავლესობის სხდომა ხშირად იმართება და 10:00 საათზე იმიტომ უნდა დაწყებულიყო, რომ დღეს პლენარულ სხდომამდე მოგვესწრო იმ თემებზე საუბრები, რომელიც გავიარეთ. საუბარია რეგიონულ გამოწვევებზე, მაჟორიტარებს დავალებები მივეცით, კონკრეტული თემები მოიტანონ, რა არის გაკეთებული და რა მიმდინარე პროექტებია. ასევე, თხოვნა გადაეცა კომიტეტის თავმჯდომარეებს, ჩამოწერონ და მოიტანონ სესიაზე, რა უნდა მოვასწროთ, რა არის პრიორიტეტული“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

ამასთან, მისი თქმით, სხდომაზე არჩევნებსაც შეეხო საუბარი, მათ შორის – საარჩევნო სისტემას.

„ორგანიზაციულ საკითხებზეც იყო საუბარი, მათ შორის არჩევნებზე. მოკლე საუბარი იყო საარჩევნო სისტემაზე, სადაც კომპრომისული ვარიანტი წარვუდგინეთ ოპოზიციას. გადაიხედება თუ არ გადაიხედება, ამაზე არ გვისაუბრია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციას დღეს პარლამენტთან 11:00 საათზე საპროტესტო აქცია და სირცხვილის კორიდორი ჰქონდა დაანონსებული. საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 10:00 საათზე დაიწყო. ამასთან, დღესვე გაიმართა ბიუროს სხდომა, პლენარული სესია კი, 14:00 საათზე დაიწყება.

ოპოზიციამ პარლამენტთან აქცია გამართა, სადაც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დილით უცებ ჩაინიშნა, რადგან დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ადრე შეეყვანათ. „ასე გოდრებით დაატარებს დეპუტატებს უმრავლესობა, რომ არ გაიარონ სირცხვილის კორიდორში“, – განაცხადა უგულავამ.