მამუკა მდინარაძე - არ ვიცი, ვინ გადაწყვიტა „ნაცმოძრაობის“ შიგნით თავად ამ პარტიული ორგანიზაციის გამასხარავება
არ ვიცი, ვინ გადაწყვიტა „ნაცმოძრაობის“ შიგნით თავად ამ პარტიული ორგანიზაციის გამასხარავება, თორემ სხვანაირად ასეთი შიდა კონკურენცია ვერ იქნებოდა, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დასმულ კითხვას, ვინ უფრო ძლიერი კონკურენტია „ქართული ოცნებისთვის“, ნიკა მელია თუ ლევან ხაბეიშვილი.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, არ არსებობს, ის არის მედიაპროდუქტი.
„ბოლო სამი დღეა, ვიძახი და პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, არ არსებობს, ის არის მედიაპროდუქტი. ერთი თვის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ არც ერთმა ტელევიზიამ რომ არ ახსენოს, გარანტიას გაძლევთ, ეს ორგანიზაცია პრაქტიკულად აღარ იარსებებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტში ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, რასაც ტელევიზიები არ აშუქებენ.
„ყველა მედიასაშუალებებთან გვაქვს პრეტენზია, რომ კულისებში, საქართველოს პარლამენტის დარბაზში იმდენი რამ ხდება, რასაც არ აშუქებთ. შეიძლება, დრო არ რჩება ამისთვის, მაგრამ ამ რადიკალიზაციას თავს თუ დაანებებთ, იმდენი ამბავია გასაშუქებელი მთელი ამ დღეების განმავლობაში, რაც თითოეულ მოქალაქეზე პოზიტიურად აისახება, რომ ვერ აუხვალთ ამის გაშუქებას. უბრალოდ სხვა დღის წესრიგით და ერთმანეთის კრიტიკით ვართ დაკავებული და ამ დროს დღეში გადის სულ მცირე 30-მდე კანონპროექტი, რომელზეც სათითაოდ შეგიძლიათ მის პოზიტიურ მხარეებზე ისაუბროთ, რა პოზიტიური შედეგი მოაქვს საზოგადოებისთვის ამ ყველაფერს, უბრალოდ არ აშუქებთ ამას. ამიტომ, ვერ დაიკარგება მედია სივრციდან „ქართული ოცნება“ და დაიკარგება ის ორგანიზაცია, რომელი ორგანიზაციაც ხელოვნურად იკვებება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.