მამუკა მდინარაძე - არ უნდა ვილაპარაკოთ კვაზ პრაქტიკაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე იყოს დამოკიდებული ჩატარდება თუ არა საპარლამენტო არჩევნები
არ უნდა ვილაპარაკოთ კვაზ პრაქტიკაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე იყოს დამოკიდებული ჩატარდება თუ არა საპარლამენტო არჩევნები, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები იმაზე, რომ თუ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმათა 48-50 პროცენტს არ მიიღებს, შესაძლოა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ინტერესში არ შედის რეალურ პირობებზე დათანხმება და კვაზი პრაქტიკის დანერგვას ცდილობს, რაც ქვეყანას აზიანებს.
„ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ რაღაც კვაზ პრაქტიკებზე, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე იყოს დამოკიდებული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თუ არა. ახლა თუ რაიმე გაყალბდა და დაშავდა, ამაზე უნდა იყოს მიბმული და ოპოზიციას ვეუბნებით: თუ ერთპროცენტიანი გადაცდომა იქნება, რიგგარეშე არჩევნებს ახლავე ვნიშნავთ. ახლა ახალი გზავნილისკენ მიდიან, რომ ამაზე პასუხი არ გასცენ. ახალს იგონებენ, თვითმმართველობის არჩევნებს მივაბათო, მერე იტყვიან, თუ 2023-ში რაიმე მოხდება, იმას მივაბათო. კვაზი პრაქტიკის დანერგვა და კვაზი პირობები ქვეყანას აზიანებს. რა თქმა უნდა, ხავსს ეკიდებიან იქედან გამომდინარე, რომ რეალური პირობები და მასზე წამოყოლა მათ ინტერესებში არ შედის. წარმოუდგენელი ეგონა ყველას, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ეტყოდა, რიგგარეშე არჩევნებზე მოგყვებით, თუ დაადასტურებთ სერიოზულ საარჩევნო დარღვევებს, რასაც შეიძლება არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა. თუ ამას ვერ ადასტურებენ, რიგგარეშე არჩევნები იმიტომ უნდა ჩატარდეს, რომ სანამ ხელისუფლებაში არ მოვლენ, ქვეყანა აირიოს, ქუჩიდან იბრძოლონ და რევოლუციური სცენარები ალაგონ?
რიგგარეშე არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, რადგან ეს ქვეყანას აზიანებს იმ პირობებში, როცა პანდემიაა, ომია ჩვეულებრივი, რომელიც ეკონომიკას აზიანებს და საუბარია ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ამ დროს გაყალბებაზე მესიჯს ალაგებენ, ვერ საუბრობენ მტკიცებულებებით და უნდათ, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. ამ მიზეზებით არჩევნები ვერ ჩატარდება“, – განაცხადა მდინარაძემ.