მამუკა მდინარაძე - არ შეიძლება, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან მხარის ახირების საფუძველზე ქვეყანამ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს და კონსენსუსი შედგეს
რიგგარეშე არჩევნები დათქმების გარეშე არის წითელი ხაზი და ჩვენ დავაყენეთ ყველაზე პრაგმატული დათქმა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომისია თუნდაც ერთპროცენტიან ხარვეზს დაადგენს, მაშინ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის პირობა დაკმაყოფილდება. მდინარაძის თქმით, რაიმე გადაწყვეტილების ახირების საფუძველზე მიღება არ შეიძლება.
„რიგგარეშე არჩევნებს თუ უნდა დავთანხმდეთ, ჩვენ პირიქით, საფუძველი შევუქმენით მის ჩატარებას, ეს არის ერთპროცენტიანი გაყალბება ან გადახრა, ხარვეზი, რომელიც ვთქვათ, შესაძლოა, იყოს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში, ამ დათქმის მიხედვით, არათუ პლებისციტზე და მოდით, დავარქვათ ღიად, არარაციონალურ და უაზრო წინადადებებზე, არამედ რიგგარეშე არჩევნებზეც კი მივყვებით იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, ანუ მათივე, ჩვენივე ოპონენტების მუშობის შედეგად დაფიქსირდება ხარვეზები. მარტივი ამბავია, პირდაპირ მივყვებით რიგგარეშე არჩევნებზე. მაგრამ დათქმის გარეშე, იმიტომ რომ მე მინდა, ან სხვას უნდა, ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს რაღაც ასე უნდა, არ შეიძლება, საზოგადოებრივი აზრისა და მათი არჩევანის რევიზია გავაკეთოთ.
აქედან გამომდინარე, რიგგარეშე არჩევნებიც კი არის ჩვენ მიერ დაკმაყოფილებული პირობა იმ შემთხვევაში, თუ ერთ პროცენტიანი გადახრა იქნება. ამის გარეშე უბრალოდ არჩევნებს საფუძველი არ ექნება. არ შეიძლება, რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან რომელიმე მხარის, თუნდაც ეს „ქართული ოცნება“ იყოს, ახირების საფუძველზე რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს ქვეყანამ და ამაზე შედგეს კონსენსუსი. ეს წარმოუდგენელია. ჩვენ არაერთი კომპრომისული ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის ბარიერის დაწევა, რომელიც რეალიზდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ოპონენტები შემოვლენ პარლამენტში. ყველა ჩვენი პირობა დევს მოლაპარაკების მაგიდაზე. ძალიან საინტერესო რამ გითხარით, შეიძლება ინფორმაცია იყოს დაუზუსტებელი და არ დამიმალავს, რომ ასეთი ინფორმაციაც არის, გონივრული მოლოდინი ნამდვილად გვაქვს საიმისო, რომ მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ჩვენი ოპონენტები რეალურად კომპრომისულ წინადადებას დააყენებენ. პირობითი ვადა იყო დათქმული ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩასვლამდე, ამ პერიოდის გასვლამდე, უფრო ადრე კიდევ ველოდებით მათი მხრიდან კომპრომისულ წინადადებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.