მამუკა მდინარაძე - არ მეგონა, თუ ჩვენი ოპონენტები ასე შორს წავიდოდნენ და მსოფლიო ბანკის, ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის, კვლევას ეჭვქვეშ დააყენებდნენ
არ ვიცოდი, თუ ჩვენი ოპონენტები ასე შორს წავიდოდნენ და ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევას ეჭვქვეშ დააყენებდნენ. ნამდვილად არ მეგონა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული საწარმოთა კვლევის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის შეფასება, რომელიც კვლევის შემდეგ საქართველომ დაიმსახურა, არა რომელიმე პარტიის, არამედ ქვეყნის უდიდეს წარმატებას ნიშნავს და ფაქტი ყველას უნდა ახარებდეს.
„ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, ასეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა. ჩვენ, ერთი მხრივ, შესაძლოა, სუბიექტურები ვიყოთ შეფასებაში და ბუნებრივია, ყველა ხელისუფლება, ყველა პარტია ამბობს იმას, რასაც აკეთებდა. ამასთან დაკავშირებით თვითკმაყოფილებას არ მივცემივართ არასოდეს, იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც კორუფცია არ არის, მაგრამ შესაბამის ინდექსსა და ინდიკატორებს, რაც კონკრეტულ ცოფრებში აისახება, დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე. როგორია ჩვენთან ეს შეფასება, ამას გაეცა დღეს პასუხი. თუკი საქართველო არის მსოფლიო ათეულში, ეს ნიშნავს არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის უდიდეს წარმატებას. მგონია, ეს ყველას უნდა ახარებდეს. კრიტიკა, რომ ეს ორგანიზაციაც რაღაცას აყალბებს თურმე, წარმოუდგენელიც კია ჩემთვის. ყველას უნდა ეამაყებოდეს, რომ მისი ქვეყანა ამ ინდიკატორითაც მსოფლიო ათეულში მოხვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გავითარების პერსპექტივები, მივიდეთ კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე ნებისმიერი მიმართულებით, არის გაცილებით მეტი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საწარმოთა კვლევას მსოფლიო ბანკის ჯგუფი პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID) ატარებს. კვლევა ფარავს მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ რეგიონსა და ასეულობით ათას მცირე, საშუალო და დიდ კერძო კომპანიას. სამინისტროს ინფორმაციით, კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
კერძოდ, უწყების ცნობით, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ასევე, 10 საუკეთესო ქვეყანას შორს დაიკავა ადგილი მოსყიდვის წნეხისგან(სიღრმე) თავისუფლების მიხედვით. საწარმოთა კვლევა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. მისი მიზანია ბიზნესგარემოს შეფასება.
აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 581 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.