მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ, კანონმდებლობით, საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელში დარჩეს და მხოლოდ მოქალაქის განცხადების საფუძველზე გადავიდეს სხვა პორტფელში
ჩვენ ავიღეთ ორი კვირა, საკითხების დეტალური გავლა მოგვცემს საშუალებას, რომ მინიმალური ე.წ. რისკი, რაზეც ბოლო დღეების განმავლობაში საპენსიო ფონდთან დაკავშირებით იყო საუბარი, დავაზღვიოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საპენსიო ფონდთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზეც ისაუბრეს.
„დღეს, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში გაიმართა დეტალური მსჯელობა გადავადებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენი თანხმობა იქნება, რადგან პირველი მოსმენით უკვე მივიღეთ ეს კანონი. ანუ 2028 წლამდე გადავადდება. რჩება ისე, როგორც იყო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ამ მხრივ გარკვეული ვნებათაღელვა იყო საზოგადოებაში.
„ამ ვნებათაღელვის საფუძველი ნამდვილად არ არის, თუმცა ჩვენ ავიღეთ ორი კვირა, რადგან არა მხოლოდ ამ საკითხის მოწესრიგება, არამედ სხვა საკითხების დეტალური გავლა მოგვცემს საშუალებას, რომ ის მინიმალური ე.წ. რისკი, რაზეც ბოლო დღეების განმავლობაში საპენსიო ფონდთან დაკავშირებით იყო საუბარი, დავაზღვიოთ. მათ შორის, მაგალითად, დეტალურად რომ ჩავაყენოთ საზოგადოება საქმის კურსში, იმაშიც მდგომარეობს, რომ აბსოლუტურად ყველა საპენსიო დანაზოგი დარჩეს ე.წ. დაბალრისკიან პორტფელში და იმ შემთხევვაში, თუ მოქალაქე თავად გადაწყვეტს სხვა პორტფელში გადატანას, მხოლოდ ამ შემთხვევაში, მის ნებაზე და მის განცხადებაზე იყოს დამოკიდებული. თუმცა, ასევე მუშავდება კიდევ უფრო დეტალური ვერსიები ამ მიმართულებით, ორი კვირა ჩვენ გვეყოფა სამუშაო შეხვედრებით, რათა საბოლოოდ მინიმალური, სიტყვასთან დაკავშირებული, ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული რისკიც კი დავაზღვიოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საპენსიო ფონდი ვალდებული იყო, აღნიშნული დეტალურად განემარტა საზოგადოებისთვის.
„სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხი ბრიფინგზეც კი არ იქნა გახმოვანებული და ამ დროს საქართველოს პარლამენტში უკვე მიღებულია ეს კანონი, გადავადებას რაც შეეხება და ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საქართველოს პარლამენტი და საპარლამენტო უმრავლესობა იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას, საზოგადოება დეტალურად იყოს საქმის კურსში თავის დანაზოგ თითოეულ თეთრთან დაკავშირებით“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.