მამუკა მდინარაძე - არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ცალკეულმა დარღვევებმა რაიმე  გავლენა მოახდინოს შედეგებზე
მამუკა მდინარაძე - არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ცალკეულმა დარღვევებმა რაიმე გავლენა მოახდინოს შედეგებზე

მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ მძიმე პროვოკაციების მოწყობას, პროცესი საბოლოო ჯამში, მშვიდობიანად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალიტებთან განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ მხარდამჭერებს, კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას დარღვევების შესახებ, რომელიც ფიქსირდება ქვეყნის მასშტაბით, თუმცა არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ცალკეულმა შემთხვევებმა რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს შედეგებზე. საბოლოო ჯამში, პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ მძიმე პროვოკაციების მოწყობას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, კომისიის თითოეულ წევრს, რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყოს, თითოეულ დამკვირვებელს იმ მოთმინებისთვის, სწორად მუშაობისთვის და კანონის ჩარჩოში მოქცევისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.

ფიქსირდება კონკრეტული შემთხვევები, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლები მიდიან პროვოკაციებზე და რიგ შემთხვევებში, არ ერიდებიან ბიულეტენების განადგურებას. მარნეულის 29-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანარ მამედოვმა ერთ-ერთ ამომრჩეველს ხელიდან გამოჰგლიჯა ბიულეტენი და გადახია. ეს პიროვნება თავად ასახელებს მიზეზს, რომ აღნიშნული ამომრჩეველი განმეორებით იყო მისული საარჩევნო უბანზე, თუმცა ეს მოხდა ყოველგვარი გადამოწმებისა და ფაქტის დადგენის გარეშე. ასეც რომ იყოს, მძიმე დარღვევაა, დაუხიოს ბიულეტენი ამომრჩეველს, თუმცა, არც ის ფაქტი დასტურდება, რომ ეს ადამიანი განმეორებით იყო მისული არჩევნებზე. ასევე გვაქვს მცხეთის შემთხვევაც, სადაც მე-2 უბნის გადასატან ყუთთან აღმოჩნდა წილისყრის შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. როგორც ჩანს, მან მიიღო მონაწილეობა წილისყრაში და ხმა მიაცემინა ისეთ ადამიანს, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იმყოფებოდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული მონაცემებით, „ქართული ოცნების“  მხარდაჭერილი კანდიდატი ამ დროისთვის დამაჯერებლად ლიდერობს.

„მოგეხსენებათ, არჩევნების საბოლოო შედეგები დამოკიდებულია ამომრჩევლის მაქსიმალურ აქტიურობაზე, ამიტომ მოვუწოდებთ ამომრჩეველს, იაქტიურონ დღის ბოლომდე, 20:00 საათამდე. ვფიქრობ, შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სასურველი და არჩევნები ჩაივლის დემოკრატიულად. აქ კითხვის ნიშნები არ იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.