მამუკა მდინარაძე - არ არის გამორიცხული, ოპოზიციიდან ბევრი პირველივე სხდომაზე შემოვიდეს, მართლა თუ უნდათ პარლამენტის დატოვება, უნდა დაწერონ განცხადებები უფლებამოსილების ცნობის შემდეგ
მამუკა მდინარაძე - არ არის გამორიცხული, ოპოზიციიდან ბევრი პირველივე სხდომაზე შემოვიდეს, მართლა თუ უნდათ პარლამენტის დატოვება, უნდა დაწერონ განცხადებები უფლებამოსილების ცნობის შემდეგ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის პირველივე სხდომაზე შევიდნენ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის არჩეულ დეპუტატებს პარლამენტის დატოვება თუ მართლაც სურთ, უნდა დაწერონ განცხადებები უფლებამოსილების ცნობის შემდეგ.

„პირადად ჩემი მოლოდინია, რომ არ არის გამორიცხული, ისინი პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ, ან ბევრი მათგანი შემოვიდეს პირველივე სხდომაზე საქართველოს პარლამენტში, თუმცა ახლა ეს შეიძლება არ იყოს სწორი პროგნოზი. 50/50-ზეა, მაგრამ, საბოლოოდ, ისინი გარანტირებულად ფიქრობენ საქართველოს პარლამენტში შემოსვლას, რადგან შეუძლებელია, არ სცოდნოდათ, როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისათვის დაწერილ განცხადებას არანაირი იურიდიული ძალა არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, იციან. პირობითად ვთქვათ, რომ არ იციან. მაშინ, მართლა თუ უნდათ პარლამენტის დატოვება, უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს. ასეთის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, რადგან სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე მათ განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში. ისინი ატყუებენ თავიანთ ამომრჩეველს, თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ, როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავიანთ სიტყვას. მათ შეუძლიათ, ასეთი განცხადებები დაწერონ 25 ნოემბერსვე“, – აღნიშნა მდინარაძემ.