მამუკა მდინარაძე - არ არის გამორიცხული, ჩვენი შედეგი გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე ეგზიტპოლის 55-პროცენტიანი მაჩვენებელია, რადგან პარტიული აქტივის 80 პროცენტმა 17:00 საათის შემდეგ მისცა ხმა
„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, საპარლამენტო არჩევნებში პარტიის შედეგი გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე ეგზიტპოლის მიხედვით 55-პროცენტიანი მაჩვენებელია
ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ფიქრობს თუ არა, რომ ეგზიტპოლის შედეგები შეიცვალოს.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პარტიული აქტივის 80 პროცენტმა საარჩევნო უბნებზე 17:00 საათის შემდეგ მისცა ხმა.
„არ არის გამორიცხული, რომ „იმედის“ მიერ გამოცხადებულ მონაცემებსაც კი, ზემოთ აცდეს ჩვენი შედეგი, რადგან ჩვენ განსხვავებით წინა წლებისგან ჩვენი პარტიული აქტივი დავაორგანიზეთ, ვინც ხმების მობილიზებაში მონაწილეობდნენ, დავაორგანიზეთ 17:00 საათის შემდეგ. პარტიული აქტივის 80 პროცენტმა უბნებზე ხმა მისცა ხუთი საათის შემგდომ. თქვენ იცით, რომ ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემის გამოყვანას სჭირდება გარკვეული დრო, ეგზიტპოლის ჩამტარებელი რგოლი მუშაობს მაქსიმუმ 5-6 საათამდე, აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ამის შემდეგ ჩვენი შედეგები გაცილებით გაუმჯობესდეს, თუმცა ამაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ, მე ამ პოზიტიურ მოლოდინს შემთხვევით არ ვახმოვანებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ოთხივე ეგზიტპოლში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მეორე ადგილზეა, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“. „იმედის“ ეგზიტპოლით, რომელიც არის 18:00 საათის მონაცემები, პროპორციული წესით პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“ 55 პროცენტით, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ 23 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილს სამი პროცენტით იყოფენ „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“.