მამუკა მდინარაძე - აქციაზე სამას კაცს რომ მოაგროვებენ, ხალხის სახელით ნუ საუბრობენ, ჭკუას მოუხმონ, რა იარაღებზე ლაპარაკობენ, ცოტა წყნარად იყვნენ
აქციაზე სამას კაცს რომ მოაგროვებენ, ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობენ, ჭკუას მოუხმონ. რა იარაღებზე ლაპარობენ, ცოტა წყნარად იყვნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას ამ სისულელეში ხალხი არ აჰყვება.
„ყველას ვურჩევ, ქართული საზოგადოების მოთმინებას ნუ ტესტავენ. რეგიონებში რომ დავდივართ ხოლმე და რაღაცები ხდება, ხალხის დაწყნარება გვიწევს. გულწრფელად გეტყვით, ხალხისგან „ნაცების“ დაცვა მიწევს. ხალხო, ეს უნდათ მაგათ-მეთქი, ამ განცხადებებით გამოვდივარ ხოლმე. ისევ მირჩევნია, ამ პარლამენტში ვიჩხუბო, ვიდრე იმ ხალხის რისხვა წავიდეს მათკენ. ადამიანები გვეუბნებიან, მიგვიშვითო. რა იარაღებზე ლაპარაკობენ? ის იარაღები სხვა ადგილზე არ აღმოჩნდეს, ცოტა წყნარად იყვნენ. რისი იარაღი და რისი მუქარა? ქართული საზოგადოება იმდენად ჩამოყალიბებულია, ეროვნულია და უყვარს თავისი სამშობლო, რომ მაგ იარაღზე ლაპარაკს ცუდად დაუტრიალებენ. ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობენ, სამას კაცს რომ მოაგროვებენ, მოტყუებით გამოიყვანენ. დაწყნარდნენ და ჭკუას მოუხმონ. ცოტა ზედმეტები მოსდით, მაგრამ ეს არის მათი გეგმა. როგორც დღეს ჰქონდათ დალაგებული, ვის უნდა ეჩხუბა, ვის დედის გინება შეერჩინა, ვის მოხვედროდა და ჯანდაბას, აეტანა. ქალბატონებმა უხამსი პლაკატი თუ დროშა გაშალეს, სხვათა შორის, ისიც რუსულ ენაზე. სიმბოლურია, რომ ლაპარაკობენ იმათ ენაზე, ვის საქმესაც აკეთებენ, ვის სასარგებლოდაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს და ვითომ ე.წ. პრადვინუტობას გამოხატავენ. ფოტოსთვის დადგეს მთელი მასკარადი. იარაღზე საუბრობენ, რადგან ტესტავენ, სისხლიან რევოლუციას როგორ მიაღწიონ. ძვირად არ დაუჯდეთ, ცოტა ფრთხილად იყვნენ. ამ სისულელეში მათ ხალხი არ აყვება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა: „ჩვენ უკან დგას ჩვენი სამშობლო, ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დაუხევია უკან ჩვენს თანამემამულეს, სადაც იქნება შეხების წერტილი, იქ მიიღებენ პასუხს“.