მამუკა მდინარაძე - ამდენი ტყუილი, რამდენსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უკადრებია
ამდენი ტყუილი ერთად, რამდენსაც ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უკადრებია მსოფლიოში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 20 ივნისის აქციაზე დაშავებული მაკო გომურის პარლამენტში შესასვლელ საშვს ეხებოდა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანით სპეკულირებს და მის სახელსა და გვარს პროვოკაციულად იყენებს.
„მაშინ, როდესაც ვითომ ზრუნავენ ადამიანის ჯანმრთლობაზე, ამ ადამიანით სპეკულირებენ და მის სახელს და გვარს ძალიან ბოროტად, პროვოკაციულად იყენებენ იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური შოუ დადგან, მაშინ, როდესაც ეს დაზარალებული ადამიანი საერთოდ არ იმყოფება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის იქით სპეკულაციებზე რაღაზე უნდა ვისაუბროთ. ერთადერთი იმიტომ გარბიან დარბაზიდან, რომ როგორც კი შინაარსში შევლენ, იციან, წააგებენ პოლიტიკურ დიალოგს, პოლიტიკურ დებატებს, პოლიტიკურ კამათს და ერთადერთი დარჩათ, რომ დადგან შოუები, სპექტაკლები, რევოლუციური მუხტი აწიონ. სიმართლე არ არის მათ მხარეს და ტყუილით ქართული საზოგადოება გადაწყვეტილებებს არასდროს მიიღებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან საშვებით პარლამენტში მოქალაქეების შეშვებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და შეზღუდვის მიზეზები განმარტა.
„აქ არ არის მხოლოდ მაკო გომურზე საუბარი. ეს ცალკე თემაა. „ნაციონალური მოძრაობის“ სპეკულაციებს ნუ ავყვებით. თუ მეკითხებით, მოქალაქეებს შეუძლიათ თუ არა შემოსვლა საშვის დაშვებისა და შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, მაგრამ არსებობს შესაბამისი აქტი ბრძანებულება პარლამენტის თავმჯდომარის, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ არის პროვოკაციის საფრთხე, შეიძლება, იყოს შეზღუდვა. მთელი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად მოქმედებს ხოლმე, როდესაც „ნაცები“ ცდილობენ პროვოკაციის მოწყობას თავისი სატელიტების მეშვეობით. ჩვენ ვერ მივცემთ მათ უფლებას და საშუალებას, მოაწყონ პროვოკაცია. იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ საქართველოს პარლამენტში საქმიანი გარემო იყოს და არა სპექტაკლები. ეს შეზღუდვა არის ამისთვის. როდესაც საშვი იშვება ჩვეულებრივ შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოსვლა“, – განმარტა მამუკა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, 20 ივნისს დაშავებული მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დასწრება მოითხოვეს. მათი თქმით, საშვი დაშვებულია, თუმცა პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
ამის შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა მაკო გომურის სტატუსი, სადაც ის წერდა, რომ თბილისში არ იმყოფება და მხოლოდ ხუთი წუთის წინ გაიგო, რომ მასზე პარლამენტში საშვი ყოფილა დაშვებული. თუმცა, სტატუსი მის გვერდზე უკვე აღარ იძებნება.
ამასთან, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა დატოვეს ფრაქციის სხდომა, სადაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს ხვდებოდნენ. ისინი პარლამენტის გარეთ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.