მამუკა მდინარაძე - ამ ქვეყანაში მართლა რაღაც საომარი რომ გახდეს, ისევ ჩვენი საბრძოლველი იქნება, ზოგიერთებს ვერ გავასწრებთ სარფიდან და წითელი ხიდიდან, ღმერთმა არ ქნას, ასეთი საჭიროება ქვეყანას დაუდგეს
ამ ქვეყანაში მართლა რაღაც საომარი და საბრძოლო რომ გახდეს, ისევ ჩვენი საბრძოლველი იქნება, ზოგიერთებს ვერ გავასწრებთ ვერც სარფიდან და ვერც წითელი ხიდიდან, არავინ მებრძოლი არ არის ამ თემებთან დაკავშირებით. ღმერთმა არ ქნას, ასეთი საჭიროება ჩვენს ქვეყანას დაუდგეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახსოვს „ნაცმოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, სადაც ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს.
„რეზოლუციის ტექსტში შევეცადეთ, ჩაგვედო ეროვნული ინტერესი, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და იქ ყოფილიყო სუვერენიტეტის, სუვერენული უფლებების მხარდაჭერა, ასევე გამოვსულიყავით ომის არდაშავების ინტერესიდან და ზედმეტი კონკრეტიკებისგან, ამ ეტაპზე, ღმერთმა ქნას, არაფერი მოხდეს იქ, ამ ეტაპზე, მოცემული მდგომარეობის გათვალისწინებით, ვყოფილიყავით ისეთი კონკრეტულები, რომელ კონკრეტიკასაც ვერავინ დაგვიწუნებდა, ვერავინ გვეყოლებოდა შემდავებელი ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ.
თუ „ნაცმოძრაობა“ არ დაგვიჭერს მხარს, ეს დიდი უბედურება ჩვენთვის არ იქნება, რადგან გვახსოვს მათი მხარდაჭერილი რეზოლუცია, სადაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში. მათი რეზოლუციების მხარდაჭერის პათოსიც და მოტივაციაც კარგად ვიცით – საეჭვო, დადასტურებული თუ გამყარებული არგუმენტებით. ეს ჩვენ წარსულში გვაქვს. არსებობს საკითხები ასეთ რთულ თემებთან დაკავშირებით, რომელზეც არის გარკვეული ფრაზები, ან წინადადებები ან ამბები კულისებში და არ შეიძლება მე აქ ამ თემებზე ვილაპარაკო და ჩვენ რაღაც საკითხებიც გავიარეთ კიდეც იმ ხარისხით, სადამდეც შეიძლებოდა ამის დაშვება. თუ აქ ეროვნული ინტერესი არ უნდა გავითვალისწინოთ, მაშინ კი ბატონო. ძალიან არ მინდოდა, ბატონო ავთო, თქვენს პოზიციაზე დათანხმება, რადგან თქვენს პოზიციას არ ვეთანხმები, მაგრამ მეორე ნაწილში ისეთი რაღაც თქვით, მართლა რაღაც ამ ქვეყანაში საომარი და საბრძოლო რომ გახდეს, ისევ ჩვენი საბრძოლველი იქნება და ზოგიერთებს ვერ გავასწრებთ – ძალიან რომ მოგვინდეს და შევშინდეთ, და ასეთი არ დაგვემართება – ვერც სარფიდან და ვერც წითელი ხიდიდან. არავინ მებრძოლი არ არის ამ თემებთან დაკავშირებით. ღმერთმა არ ქნას, ასეთი საჭიროება ჩვენს ქვეყანას დაუდგეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.