ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო. კეთილი ინებოს ყველამ და თუკი რამე დახმარება სურს ვინმესთვის, გააკეთოს ეს შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად. მათი დახმარებით და რეკომენდაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც გუშინ, ასევე წარმოიშობა საფრთხე და ეს იქნება არა ჰუმანიტარული, არამედ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამართული რაღაც აქცია, რომლის დროც დღეს ნამდვილად არ არის,- ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუშინ, ზუგდიდის ცენტრში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოქალაქეების შეკრების ფაქტის შეფასებისას გააკეთა.
მამუკა მდინარაძის თქმით, მსგავსი აქციების ჩატარებისას, ორგანიზატორებმა შესაბამის ადგილობრივ სტრუქტურებთან უნდა ითანამშრომლონ და გამოიყენონ მათი კარგად გამართული მენეჯმენტი და შესაბამისად, დატრენინგებული ადამიანური რესურსი.
„ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც გვაძლევს ჯანდაცვის ორგანიზაცია და რასაც გვირჩევენ ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები და სპეციალისტები. ამიტომ, თუ ვინმეს რამე დასარიგებელი აქვს და უნდა რამე დახმარება განახორციელოს კონკრეტული ეგიდით, მან უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ შესაბამის სტრუქტურებთან, მუნიციპალიტეტებთან, სადაც არიან კარგად დატრენინგებული ადამიანები. ეს მენეჯმენტიც საათივით არის აწყობილი და მოხალისეც კი კარგად არის დატრენინგებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.