მამუკა მდინარაძე - ახალი ფრაქციები პარლამენტში წლის ბოლომდე უკვე შექმნილი იქნება
ახალი ფრაქციები პარლამენტში უკეთესი კოორდინაციისთვის წლის ბოლომდე უკვე შექმნილი იქნება,- ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობაში დაგეგმილი ორი ახალი ფრაქციის შექმნის საკითხზე გააკეთა.
„ამ ამბის გარკვეულმა ინტერპრეტაციებმა ფრაქციების შექმნის საკითხი გარკვეულწილად დააჩქარა. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვჩქარობთ. წლის ბოლომდე ვფიქრობ, რომ ფრაქციები უკეთესი კოორდინაციისთვის უკვე შექმნილი იქნება. იმისათვის, რომ თითოეული დეპუტატის ჩართულობა გადაწყვეტილებებში, საკანონმდებლო ინიციატივებში და აზრის ფორმირებაში უფრო მეტად უზრუნველყოფილი იყოს. ამიტომ, უმრავლესობას ორი ახალი ფრაქცია ეყოლება. 6 ნაცვლად 8 ფრაქცია გვეყოლება“,-განაცხადა მდინარაძემ.
უმრავლესობის დეპუტატმა დამატებითი ფრაქციების შექმნის საკითხზე ოპონენტების განცხადებებს უსაფუძვლო სპეკულაციები უწოდა.
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში აბსოლუტურად უსაფუძვლო სპეკულაციები მოჰყვა ჩვენს მიერ ამ ამბის გახმოვანებას. ჩვენ ამაზე მსჯელობა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. უფრო მეტიც, როდესაც პარლამენტში უმრავლესობის შიგნით 110 კაციანი ფრაქცია და ერთი 6 კაციანი ფრაქცია იყო, როდესაც ეს 110 კაციანი ფრაქცია ჩაიშალა ერთ დიდ, რამდენიმე 6 კაციან ფრაქციად, მაშინვე განაცხადეთ, რომ არ იყო გამორიცხული, რომ კიდევ რამდენიმე ფრაქცია შექმნილიყო. უკეთესი მენეჯმენტისთვის და საკანონმდებლო პროცესში დეპუტატების უკეთ ჩართულობისათვის ფრაქციების შექმნა სწორედ ამისი გაგრძელებაა”,- განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქციის შესახებ განცხადება გასულ სასესიო კვირას უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში შექმნილი ფრაქციების ხელმძღვანელები – გოჩა ენუქიძე და ბიძინა გეგიძე იქნებიან. რაც შეეხება ფრაქციების შემადგენლობას, პირველი არხის ინფორმაციით, ენუქიძის ფრაქციაში დაახლოებით 10-15 დეპუტატის გაერთიანება იგეგმება, რომელთა შორის იქნებიან – ივლიანე წულაია, ზაზა გაბუნია, ედიშერ თოლორაია, ოთარ დანელია, ირაკლი ხახუბია, თამაზ ნავერიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, დიმიტრი მხეიძე.
მას შემდეგ, რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტში ენუქიძისა და გეგიძის ფრაქციები შეიქმნება, უმრავლესობას რვა ფრაქცია ეყოლება, რაც საპარლამენტო საქმიანობისთვის გარკვეულ პრივილეგიას წარმოადგენს, რაშიც სიტყვით გამოსვლისთვის განკუთვნილი დრო და აპარატი იგულისხმება.