მამუკა მდინარაძე - აკაკი ზოიძე ძალიან ღირსეული კაცია, პარლამენტში მისი საქმიანობა წარმატებული იყო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, დეპუტატმა აკაკი ზოიძემ უმრავლესობა და პარლამენტი ერთდროულად დატოვა, რაც ღირსეული ადამიანის გადაწყვეტილებაა.
„ზოიძე ძალიან ღირსეული კაცია, პარლამენტში მისი საქმიანობა ძალიან წარმატებული იყო. უმრავლესობაში გამართული კონსულტაციებისას ზოიძემ თქვა, რომ არ აპირებს უმრავლესობა ისე დატოვოს, რომ ოპოზიციაში გადავიდეს. მას ურჩევნია, უმრავლესობა და პარლამენტი დატოვოს, რაც ღირსეული ადამიანის ღირსეული გადაწყვეტილებაა. 40 დეპუტატის გასვლა სჯობდა, თუ 13-ის, საკითხს ასე არ ვსვამთ, რადგან გუნდის თითოეულ წევრს ვუფრთხილდებით”, – განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატმა აკაკი ზოიძემ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა. მისი პოლიტიკიდან წასვლა კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას უკავშირდება.