მამუკა მდინარაძე - აგენტურული ოპოზიციის ექსტრემიზმი წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც საქართველოში წინა დღეებში ჩამოვიდნენ
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს კანონის მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის. არ შეიძლება, რამდენიმე ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს, ამას ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, აგენტურული ოპოზიცია წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ გასული დღეების განმავლობაში.
„იცით, რომ ერთი ღამის განმავლობაში მათ ეს მოახერხეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში წინა დღეებში, წააქეზეს აგენტურა, აქ მაიდნისკენ მოუწოდეს და მშვიდად დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებს“, – განაცხადა მდინარაძემ.