მამუკა მდინარაძე - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იყო ხარვეზი, რაც პოლიციელს ცუდ მდგომარეობაში აყენებდა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში აქამდე ხარვეზი იყო, პოლიციელს ცუდ მდგომარეობაში აყენებდა.
მისივე თქმით, კოდექსში შეტანილი ცვლილებების ირგვლივ უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების უმრავლესობამ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო.
„საკითხები ცნობილია კანონთან დაკავშირებით, რომელზეც ბოლო პერიოდში ჩემდა გასაკვირად, გარკვეული აჟიოტაჟი იყო. მგონია, ეს იყო აბსოლუტურად გადაჭარბებული, იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი განსაკუთრებული იქ არ ყოფილა. ერთი ცვლილება შეეხებოდა იმას, რომ შესაბამისობაში უნდა მოსულიყო კანონი და შესაბამისი ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, უფლებრივი გათანაბრება უნდა მომხდარიყო. მეორე, რომელიმე თქვენგანს ან რომელიმე მოქალაქეს მიაჩნია, თქვენ ასე ფიქრობთ, რომ პირველ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად, პოლიციელს შეურაცხყოფას მიაყენებს ადამიანი, არ დაემორჩილება, წინააღმდეგობას გაუწევს და ასე შემდეგ, რა სანქციაც არის, მეორე, მეშვიდე და მეთორმეტე შემთხვევაზე იგივე უნდა იყოს? მგონია, რომ აქამდე იყო ხარვეზი, რბილად რომ ვთქვათ, პოლიციელს აბსოლუტურად ცუდ მდგომარეობაში აყენებდა. მგონია, ის მესიჯიც სპეკულაციურია, რომ მაინცდამაინც აქციებთან დაკავშირებით უნდა განვიხილოთ საკითხი. ეს საკითხი არ უნდა განვიხილოთ აქციების კონტექსტში. ჯარიმის 99 პროცენტი და გაცილებით მეტი იწერება ჩვეულებრივად მიმდინარე შემთხვევაში, როდესაც საერთოდ აქციაზე საუბარი არ არის, ასევე იწერება სხვა საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით. ვიღაც პოლიციელს არ ემორჩილება, წინააღმდეგობას უწევს, მძიმე შეურაცხყოფას აყენებს და ამაზე არავინ საუბრობს. სამწუხაროდ, აქედან გამომდინარე, თუ კითხვაზე პასუხი, რომ მე-2 მე-5 მე-7 ან მე-12 შემთხვევაში იგივე არ უნდა იყოს სანქცია, რაც პირველ შემთხვევაში იყო და ოდნავ მაინც გამკაცრდეს, მაშინ ყველაფერი დანარჩენი არის კონკრეტული ოპოზიციური ძალების მიერ ყურადღების გადატანის მცდელობა. ეს გამოიწვია იმან, რომ ადამიანები, რომლებიც ხელმომწერნი იყვნენ მიშელის დოკუმენტზე, ფიზიკურად, ფაქტობრივად სიმბოლურად შემოვიდნენ პარლამენტში, მონაწილეობა არ მიიღეს ამ კანონპროექტის განხილვაში. მხოლოდ ორმა მათგანმა მიიღო“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, როგორც მდინარაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გააცნეს სამართლებრივი არგუმენტები. მდინარაძე იმედოვნებს, რომ ამ არგუმენტებს პრეზიდენტი გაიზიარებს.
„ეს ყველაფერი ჩვენ მოვუყევით პრეზიდენტს თავისი სამართლებრივი არგუმენტებით. იმედი გვაქვს, ვინაიდან სამართლებრივად (არც ერთი ნიუანსი არ არსებობს, სადაც არის პრობლემა) ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტებთან არის აბსოლუტურ შესაბამისობაში, არის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან, გაცილებით მკაცრია მსგავსი ქმედებებისთვის ადმინისტრაციული სანქცია ევროპის მოკავშირე ქვეყნებში, პრეზიდენტი გაიზიარებს ამ არგუმენტებს“, – განაცხადა მდინარაძემ.