მამუკა მდინარაძე - ადამიანების სიცოცხლე თქვენს მთავრობას არაფრად მიაჩნიაო, განაცხადეს ბოკუჩავამ და გარუჯულმა ვაშაძემ, მერე ბოკუჩავამ თქვა, შოვში ვიყავით კამერების გარეშეო, „ნაცი“ კამერების გარეშე
ნაწილ-ნაწილ რომ ადამიანების ფრაგმენტები ამოჰქონდათ მაშველებს და ამაზე რომ გეტყვიან, 2-3 საათის განმავლობაში მათი გადარჩენა შეიძლებოდაო, იმ ადამიანებს რა ჰქვიათ? – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის დროს განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „65 ჰექტარი ყინული და თოვლი რომ მოწყდება აუცილებლად ამა და ამ დროს, ერთი ვინმემ დამისახელოს, წინასწარი პროგნოზი რომ დაიდო ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში“.
„პირველი კითხვა: შეიძლებოდა თუ არა თავად ამ სტიქიის თავიდან აცილება და მისი წინასწარი პროგნოზირება? 65 ჰექტარი ყინული და თოვლი რომ მოწყდება აუცილებლად ამა და ამ დროს, ერთი ვინმემ დამისახელოს, წინასწარი პროგნოზი რომ დაიდო ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში. წინასწარი გაფრთხილების სისტემაზე რომ ლაპარაკობენ, იცით, რაშია სინამდვილეში საქმე? ეს უნდა იცოდეს საქართველოს ყველა მოქალაქემ. რაც დახვდათ 2003 წელს „ნაცებს“, ჯერ რა უნდა დახვედროდათ და ისიც მოშალეს. მაგალითად, თბილისში რამდენიმე სადგური იყო და დატოვეს ერთი. ახლა არის ექვსი სადგური. წინასწარი გაფრთხილების სიტემა არის მთელი ჯაჭვი. მათ შორის, ერთ-ერთი კომპონენტია წყალმზომები, სადაც თუ დაფიქსირდება წყლის კლება ან მატება, შემდეგ სხვა ანალიზი სჭირდება. ეს რომ არ დაფიქსირებულა, მეცნიერულადაც დასტურდება, რომ შეუძლებელი იყო ამის პროგნოზირება. ეს საკითხი დახურულია. რაც ვერსად ხდება მსოფლიოში, ის ვერ მოხდება საქართველოში და ამას ითხოვენ.
ადამიანების სიცოცხლე თქვენს მთავრობას არაფრად მიაჩნიაო, განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, კარგად გარუჯულმა ვაშაძემ. მერე თინა ბოკუჩავამ თქვა, ვიყავით, მაგრამ კამერების გარეშეო, „ნაცი“ კამერების გარეშე, რაჭაში. როცა ფიზიკურად შეეძლოთ, ნაკადრები აქვთ, ახლა ფსიქოლოგიური ტერორის ეს ფორმა აქვთ არჩეული. წინასწარი გაფრთხილების სისტემაზე რომ ლაპარაკობენ, იცით, რაშია საქმე? რაც დახვდათ, ისიც მოშალეს, ჯერ რა უნდა დახვედროდათ, მაგრამ ისიც მოშალეს.
მეორე კითხვაა – შეიძლებოდა თუ არა რომელიმე ადამიანის გადარჩენა? ყველაზე ამაზრზენად ამ ნაწილში იქცევიან. ძალიან გამიჭირდება ამაზე საუბარი, წინასწარ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ გვაიძულებენ, რომ ამაზე ვისაუბროთ. ნაწილ-ნაწილ რომ ადამიანების ფრაგმენტები ამოჰქონდათ მაშველებს და ამაზე რომ გეტყვიან, 2-3 საათის განმავლობაში მათი გადარჩენა შეიძლებოდაო, იმ ადამიანებს რა ჰქვიათ?! როცა ყველა ლოგიკა გეუბნება, რომ 2-3 წუთში ყველაფერი დამთავრებული იყო, სამწუხაროდ, იქ 2-3 საათში ვიღაც უნდა გადაგერჩინათო, ამას ჰქვია იმ დონის მავნებლობა და იმ დონის ფსიქოლოგიური ტერორი და მანიპულაცია, რომ არ უნდა აკადრო საკუთარ თავს და არ უნდა აკადრო საზოგადოებას. ადამიანურობის რაღაც დონე ხომ შეიძლება, შერჩენილი ჰქონდეთ?! რაღაცას იტყვიან და ვიღაცას ხომ სჯერა. იმ ვიღაცაზე მუშაობენ, აჭერენ ტვინში წიხლს. სანამ შეეძლოთ, აჭერდნენ სხეულზე, მორალზე, ღირსებაზე და დღეს – ტვინში, ეს დარჩათ, და იქ აჭერენ წიხლს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.