მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის ამერიკულ ანალოგს „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის ამერიკულ ანალოგს „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს

ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ხალხის ძალის“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თანახმა იყო, დაეჭირა მხარი „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ იმ კანონპროექტზე, რომელიც პირველ ვარიანტად განიხილებოდა.

„ჩვენ გვექნება კონსულტაციები ჩვენი ფრაქციის წევრებთან, თუმცა ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება სწორედ ამის გამო. მართლაც იყო შეხვედრა ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ხნის წინ და მათ დააფიქსირეს პრინციპების დონეზე პოზიცია, რომ სურდათ ამერიკული ვარიანტის კოპირებული ვარიანტის შემოტანა ინიციატივის სახით. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ჩვენი მხარდაჭერა, რადგან მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია, შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან. პირდაპირ ვამბობთ, ყოველგვარი გადაჭარბების და მორიდების გარეშე, და ამდენად მკაცრი კანონმდებლობა ამ სფეროში, მგონია, რომ მართლაც დააზიანებს ენჯეოსექტორის ინტერესებს და, ზოგადად, საზოგადოებრივ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაშინ მათ ვთხოვეთ, რომ აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ. თუ უნდოდათ მსგავსი კანონპროექტის ინიცირება, აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ, მათ ეს გააკეთეს, მაგრამ ამის მიუხედავადაც კი რამხელა ამბავი ატყდა. მგონია, რომ ცოტა ზედმეტია სიბრაზე, თუ ნებისმიერს, ვინც თქვა, რომ ეს არის რუსული კანონმდებლობა, ემოციებით შეხედავ, და თქვეს, მოდი, დავაკოპიროთ, პირდაპირ შემოვიტანოთ ეს რეგულაციები. მე ეს მთლად სწორი არ მგონია. ამიტომ, მე წინასწარვე ვაცხადებ, რომ ჩვენი ფრაქციის მხარდაჭერა ვერ ექნება ამერიკულ კანონპროექტს, რადგან, მართლაც, როგორც რუსულ ვარიანტში, ასევე ამერიკულ ვარიანტში არის მთელი რიგი უმკაცრესი, უხისტესი შეზღუდვები, რაც მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა მუშაობდეს და არ იმუშავებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ პირველ ვარიანტს არათუ რუსულთან, ამერიკულთანაც საერთო ბევრი არაფერი აქვს.

„მსგავსებაზე ბუნებრივია ვერ ილაპარაკებ. აქ არის სათაურზე საუბარი და შინაარსზე. შინაარსი არის მხოლოდ ის, რომ როგორც კი დაფინანსება ექნება უცხოეთიდან, მაინცდამაინც დასავლეთისკენ რომ იშვერენ ხელს. დასავლეთი რა შუაშია მხოლოდ ასე ცალკე აღებული?! საიდან არის?! მათაც ჰქონდათ, სხვათა შორის, ბრიფინგში. არ არის ეს მარტივი ამბავი, რომ ასე მაინცდამაინც მარტო დასავლეთიდან წამოსული დაფინანსება. ჩრდილოეთიდანაც არის, სამხრეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც. ბევრი რაღაცები არ გვინდა ხოლმე ჩვენ ვთქვათ ამასთან დაკავშირებით. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი. მაგალითისთვის, რადიკალური ისლამიზმის რაღაც თეორიების და მიმდევრობების დაფინანსებები რომ ხდება ამ ქვეყანაში, ხომ ყველამ კარგად ვიცით ეს ყველაფერი. ანუ რატომ ამაზე არ ვლაპარაკობთ არავინ? მაინცდამაინც დასავლეთს მიახტებიან ხოლმე და იქიდან დაფინანსებულებს უფრთხისო ხელისუფლება. რადიკალური ისლამიზმის რაღაცა მიმდევრობებს და კონცეფციებს რომ აფინანსებენ ამ ქვეყანაში და კაციშვილმა არ იცის, საიდან რა ფული შემოდის და რა ფინანსდება, რისი პროპაგანდა მიდის მასებსა და სიღრმეებში, ამაზე რატომ არ ვლაპარაკობთ? მაგრამ, ამის მიუხედავად, არცერთი შეზღუდვა არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.