მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატურაზე დღევანდელი კონსულტაციის დროს პრაქტიკულად მოხერხდა შეჯერება კანდიდატებზე, რომელთაც თეორიული შანსი არ აქვთ
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცვლობის კანდიდატურასთან დაკავშირებით დღეს გამართული კონსულტაციის დროს პრაქტიკულად მოხერხდა შეჯერება იმ კანდიდატებზე, რომელთაც თეორიული შანსი არ აქვთ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
„ჩვენ შეგვიძლია, დავარქვათ დღევანდელ შეხვედრას სახელი, რომ ეს იყო შეხვედრა, სადაც ოდნავ წინ წავიწიეთ. შევთანხმდით საერთო პრინციპზე, კონსულტაციების გაგრძელებაზე. ულტიმატუმების ენით საუბარი დღეს არ ყოფილა. შემიძლია გითხრათ, რომ იყო საუბარი იმაზე, ვის არა აქვს თეორიული შანსი. დღეს არ გვქონდა ილუზია, რომ რომელიღაც ერთ კანდიდატზე შევთანხმდებოდით. ერთ კონკრეტულ კანდიდატზე კონცენტრირება არც მიცდია მე თვითონაც, იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელი იყო. მეორე მხრივ, ჩვენ პრაქტიკულად შევჯერდით იმ კანდიდატებზე, რომლებსაც თეორიული შანსი არ გააჩნიათ, ანუ წრე ამით უფრო ვიწროვდება. შესაბამისად, ყველა შეხვედრაზე 19 და 14 კანდიდატზე არ იქნება ლაპარაკი, უფრო ვიწრო წრეზე ვილაპარაკებთ, ამის საშუალებას გაძლევს ვიღაცების გამორიცხვა. ორშაბათს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა და იქ ვისაუბრებთ ამ თემაზე. ამ შეხვედრის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს. ვიმედოვნებ, რომ გაჩნდა მცირე თეორიული შანსი, რომ იქნებ მართლაც შევძლოთ ყველამ ერთად კონცენტრირება ერთ კანდიდატზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
სახალხო დამცველობის კანდიდატებზე დღეს პარლამენტში კონსულტაცია გაიმართა . შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიხეილ სარჯველაძე და მამუკა მდინარაძე, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები ალეკო ელისაშვილი, სანდრო რაქვიაშვილი, ხათუნა სამნიძე, ბექა ლილუაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხატია დეკანოიძე. შეხვედრას არ ესწრებოდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი.