მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს ზურაბ ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მოთხოვნას დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარტია მხარს დაუჭერს მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
ამის შესახებ მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პრიორიტეტულია
„სხდომაზე განვიხილეთ, დეპუტატებისთვის ზურაბ ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. წინა ბრიფინგზე გამოვთქვი ვარაუდი, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა დადებითი და შევუწყვეტდით უფლებამოსილებას. ახლა ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია იქიდან გამომდინარე, რომ მათ მიერ ორჯერ მომართვის მიუხედავად, ჩვენ მათ უფლებამოსილებები არ შევუწყვიტეთ, თუმცა უკვე მესამე შემთხვევაა და ბუნებრივია, ჩვენ მათ ნებას დავყვებით. საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ერთი მათგანის საკითხი ამ მიმართულებით უკვე გავლილია საპროცედურო კომიტეტზე, მეორესი ხვალ დილით განიხილება. პარლამენტის რეგლამენტი თანახმად, ეს საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოს პრიორიტეტულად“, – განაცხადა მდინარაძემ.