მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ გაიწვევს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ გაიწვევს.
ამის შესახებ მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„არა. არ გაგიხარდებათ, მაგრამ არ გავიწვევთ“.
მდინარაძის თქმით, გამჭვირვალობის კანონი რომ არ ყოფილიყო, რუსთაველის გამზირზე ახლაც იქნებოდა შეკრებილი ათობით ათასი ადამიანი და „დაინგრეოდა აქაურობა“.
„სხვათა შორის, ვისაც აინტერესებდა გამჭვირვალობის კანონი. რად გინდოდათ ეს კანონი მაინცდამაინც ახლაო, პირდაპირ გეტყვით. ჯერ ერთი, სწორი და ქართული კანონია, ყველაფერს რომ რუსულს ეძახიან; და მეორე – ამ რუსულს და ქართულს თავი დავანებოთ, ესენი ყველაფერს ეროვნულს და ქართულს რუსულს ეძახიან. ევროპაშიც ბევრი პოლიტიკოსი აკეთებს ამას, თუკი რამე ტრადიციული, კონსერვატიული ნახეს, ყველაფერი რუსულია. ასეთი ტრენდია, რომ კონსერვატიულს და ტრადიციულს უნდა ეძახონ რუსული. აქაც ეს ტრენდია, ოღონდ გადაჭარბებით აითვისეს. რეალურად, მათ რესურსი არც ამ რუსულის გატანის და არაფრის არ აქვთ. გამჭვირვალობის კანონს რაც შეეხება, ეს კანონი რომ არ ყოფილიყო და რომ არ გვქონოდა ჩვენ სიმართლის გატანის, საკუთარი ხალხისგან ზურგი, ახლაც, რუსთაველზე ამ წუთშიც იქნებოდა შეკრებილი ათობით ათასი ადამიანი და დაინგრეოდა აქაურობა, მაგრამ ეს ენერგიაც გამოეცალათ. მიხვდნენ, რომ ამ ყალბი პროტესტით ყალბი შედეგები ვერ მიიღწევა. ამ კანონსაც, პროპაგანდის აკრძალვასაც ლეგიტიმაცია მისცა ქართველმა ხალხმა უმრავლესობით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.