მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ქალთა საკითხებთან დაკავშირებით მისი გუშინდელი კომენტარი არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ქალთა საკითხებთან დაკავშირებით მისი გუშინდელი კომენტარი არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა

გუშინ იყო ვრცელი საუბარი. მიეცათ საშუალება, რომ მოეჭრათ ბოლო 20 წამში ნათქვამი და მოეტყუებინათ ქალები. პრობლემა არ უნდა შეექმნას არცერთ ქალს, თუნდაც ეს იყოს ხელოვნური განაყოფიერების გზით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე აცხადებს, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

„საქართველოს პარლამენტში წინა წლის ბოლოს დაინიცირდა კანონი მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ. როგორც კი ერთი ადამიანის მხრიდან შიდა მსჯელობის დროს კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალს, რომელიც არ არის ქორწინებაში, შეეძლოს თუ არა, რომ ხელოვნური განაყოფიერებით შვილი ჰყავდეს, ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი და ჩემი უშუალო ინიციატივით საერთოდ გაჩერდა ეს საკითხი, მისი განხილვა, იმდენად მხარს ვუჭერ ქალთა უფლებებს ამ მიმართულებით. გუშინ იყო ვრცელი საუბარი. მიეცათ საშუალება, რომ მოეჭრათ ბოლო 20 წამში ნათქვამი და მოეტყუებინათ ჩვენი ქალები, თითქოს პირიქით იყო. არადა, გუშინაც ზუსტად ამ კონტექსტში ვილაპარაკე. დავიწყე იმით, რომ ასეთი საკითხი დადგა საკამათოდ და აქ საკამათო არაფერია, პათოსი ეს იყო. პრობლემა არ უნდა შეექმნას არცერთ ადამიანს, ქალს და არ უნდა ჩამოერთვას მომავალი დედობის უფლება, თუნდაც ეს იყოს ხელოვნური განაყოფიერების გზით. ეს საკამათოდ დადგა და ერთმა ადამიანმა მსგავსი საკითხი გაახმოვანა თუ არა, საერთოდ შევაჩერეთ კანონპროექტი. მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი ამის, იმდენად ვუჭერდი მხარს ქალთა უფლებებს და სამომავლო დედობის უფლებას, რომ საერთოდ გაჩერდა განხილვა მხოლოდ საკითხის ამგვარად დასმის გამო. როცა ადამიანი ამგვარად უჭერს ამ საკითხს მხარს, ეს პირიქით დაატრიალოთ, ამაზე დიდი მავნებლობა არ არსებობს ბუნებაში. ხომ შეიძლება, თავიდანვე მოესმინათ, მაგრამ რადგან ბოლო 30-მა წამმა საშუალება მისცა, მოჭრეს ის და პირიქით დაატრიალეს. ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, განსაკუთრებით, ამ სფეროში“, – განაცხადა მდინარაძემ.