მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნით საფინანსო დეპარტამენტისთვის მიმართვა იმაზეც მიანიშნებს, რომ მათ პარლამენტში შემოსვლის სურვილი აქვთ
ირაკლი კობახიძემ რეალური ინფორმაცია მოყვა. ამის შესახებ ინფორმაცია მეც მაქვს, თუმცა გამიჭირდება კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ არ მგონია, უფლება მქონდეს ადამიანი დავასახელო, რომელმაც კუთვნილი ხელფასი პერსონალურად მოითხოვა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნით საფინანსო დეპარტამენტისთვის მიმართვა მიანიშნებს იმასაც, რომ მათ პარლამენტში შესვლისა და საქმიანობის განხორციელების სურვილი აქვთ.
„თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები არსებობენ, რომლებიც პარლამენტის წევრად ირიცხებიან და მათ ლეგიტიმური უფლება და საშუალება აქვთ, ხელფასი მიიღონ. ამასობაში ეს იმასაც ნიშნავს, რომ მათ პარლამენტში შემოსვლისა და საქმიანობის განხორციელების სურვილი აქვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნით საფინანსო დეპარტამენტისთვის მიმართვის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანაზღაურებასთან დაკავშირებით პარლამენტში განცხადება შეიტანა.