მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე გადაწყვეტილების მისაღებად მმართველ გუნდს გარკვეული დრო სჭირდება
საპარლამენტო უმრვალესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის გუშინ გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა.
მისი თქმით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მცირე დრო დაეთმო მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის საკითხის განხილვას. მდინარაძე ამბობს, რომ თემის ირგვლივ მხოლოდ ზედაპირული, ზოგადი განხილვა გაიმართა.
„მესამე საკითხი იყო გუშინდელი შეხვედრის თემა, რომელიც გაიმართა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით და მათი შუამდგომლობით, მათი უშუალო მონაწილეობით, რისთვისაც, ბუნებრივია, ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. მქონდა მცირე დრო ბოლოს უმრავლესობის სხდომაზე დარჩენილი საიმისოდ, რომ ჩვენ ცოტა ზედაპირულად, არ დაგიმალავთ, განგვეხილა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის საკითხი. თუმცა დეტალიზაცია ჩვენ დღეს ვერ მოვასწარით, იყო ძალიან ზოგადი განხილვა“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს საკითხზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გარკვეული დრო სჭირდება.
„ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე დღე, რომ ზოგადად არა მხოლოდ მრავალმანდატიანზე, არამედ რადგან საუბარი წავიდა იმაზე, რომ მოდით, გავწიოთ ეს ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც მისი მსგავსია და ვილაპარაკოთ მაჟორიტარული სისტემის შიგნით, როგორ ავირჩიოთ დეპუტატები, მანდატები როგორ განაწილდეს, არა გერმანული მოდელის მიხედვით, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საშუალება, ვიფიქროთ მრავალ თემაზე, საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში“ ,- განაცხად მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის საკითხის განხილვას მიმდინარე კვირის განმავლობაში მეტი დრო დაეთმობა.
„ეს შემოთავაზება მივიღეთ გუშინ. ჩვენ ამ კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ვიმსჯელებთ უფრო დეტალურად, უფრო მეტი დრო გვექნება. ალბათ, კვირის ბოლომდე, ვერ დაგიდასტურებთ ზუსტად, მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილების კონტურები, ზუსტად ამ მსგავს მოდელზე ვსაუბრობთ, რაღაცა სხვა ვარიანტს ვთავაზობთ, თუ ასე შემდეგ, კონკრეტულად რამდენიმე დღის შემდეგ გვეცოდინება. მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით, კიდეც რომ ჩამოყალიბებული მქონდეს ეს პოზიცია, მე დღეს ვერ დავაფიქსირებ. ამ შემთხვევაში, დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. ჩემი პოზიციით, რა თქმა უნდა, არ დავტვირთავ ვიღაცას, არც საზოგადოებას და არც ჩვენი უმრავლესობის წევრებს, რადგან ეს შეიძლება ვთქვათ, რაღაცის განმსაზღვრელი აღმოჩნდეს. ჩვენ დღეს, არც ერთ ჩვენგანს შემხვედრი პოზიცია არ დაგვიფიქსირებია, ვის მოწონს, ვის არ მოწონს, ვინ რა რისკებს ხედავს. უბრალოდ გავაცანით უმრავლესობას, რას ნიშნავს უფრო დეტალურად მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი. ჩვენ შევაჯერებთ მასთან დაკავშირებულ პოზიციებს და არა მხოლოდ მასთან დაკავშირებულ პოზიციებს. მინდა, რომ კარგად ესმოდეს საზოგადოებას, ინფორაცია მივაწოდო ამის შესახებ, რომ მაჟორიტარული სისტემის ქვეშ, იმ 73 მანდატის განაწილების წესი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში წერია, შეიძლება, დარეგულირდეს კანონით მრავალგვარად. ჩვენ ყველა შესაძლო ვერსიაზე ვილაპარაკებთ და ამის შემდეგ ჩვენს გადაწყვეტილებას, შემხვედრ გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
8 დეკემბერს მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დისკუსიის დროს, საერთაშორისო პარტნიორებმა როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიას შესთავაზეს ინიციატივა, რომელიც მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებს ითვალისწინებს.