მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი თუ შედგა, რამდენიმე შენიშვნის გათვალისწინებით, „ქართული ოცნება“ მზად არის, დოკუმენტს ხელი მოაწეროს
როდესაც ჯერი მიდგა შენიშვნებზე, ჩვენმა ოპონენტებმა სათითაოდ თქვეს, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, რომ ჩვენ ამ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციასთან კრისტიან დანილსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებაზე 22 პუნქტი იყო გაწერილი, „ქართულ ოცნებას“ შენიშვნები ოთხ პუნქტთან დაკავშირებით გვქონდა.
„პრინციპულად თანახმა ვიყავით, მაგრამ ხომ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდა მოლაპარაკების მაგიდასთან. როდესაც ჯერი მიდგა შენიშვნებზე, ჩვენმა ოპონენტებმა სათითაოდ თქვეს ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, რომ ჩვენ ამ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ. ამიტომ შენიშვნების განხილვამდე არ მივსულვართ. პრინციპულად ჩვენთვის ეს დოკუმენტი მისაღებია სამი-ოთხი შენიშვნით, ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე ვთანხმდებოდით და ვთანხმდებით კიდეც, მაგრამ მეორე მხრიდან ისეთი ულტიმატუმებია დაყენებული, რომ საერთოდ რაც არ წერია ევროპელების მიერ დადებულ დოკუმენტში თუ არ ჩაიწერება ხელს არ მოვაწერთო და ბუნებრივია ამაზე შეთანხმება ვერ შედგებოდა“, – განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, თუ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი განახლდა, „ქართული ოცნება“ ამ დოკუმენტზე ხელს მოაწერს, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა: „რამდენიმე შენიშვნის გათვალისწინებით, „ქართული ოცნება“ მზადაა, დოკუმენტს ხელი მოაწეროს“.