მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა, თუმცა ინფექცია არ დაუდასტურდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც, პროტოკოლის დაცვით და ყველა წესის გათვალისწინებით, მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პირები კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
„დანარჩენები ასე ვთქვათ შეზღუდულ რეჟიმში დადიან, რადგან შტაბის მუშაობა არ უნდა გაჩერდეს, მაგრამ უშუალო შეხებაში ვინც არ იყო და ეპიდემიოლოგის რეკომენდაციით, შეუძლია, თავისუფლად იაროს, ისინი დადიან, თუმცა მათი რაოდენობაც დროებით შევზღუდეთ. ასევე, ყველა ჩვენგანი გატესტილები ვართ, ჩვენ უარყოფითი გვაქვს, არ დაგვიდასტურდა ინფექცია. პრინციპში, მე და სხვა თანამშრომლებს უშუალო შეხება ნამდვილად არ გვქონია, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდათ, ტესტირების უარყოფითი პასუხების მიუხედავად, ისინი არიან შესაბამისი წესით კარანტინში და იზოლაციაში“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის განმარტებით, ინფიცირებულია დამლაგებელი და არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის ერთი თანამშრომელი.
„ზოგადად, ჩემთვის ცნობილია, თუ არ ვცდები, აქ შეიძლება მეშლებოდეს და უკაცრავად, სხვა თანამშრომლებსაც აქვთ, ოღონდ არა არჩილ თალაკვაძის დაცვის თანამშრომლებს, ანუ სახელმწიფო დაცვიდან სხვა თანამშრომლებს და ამის შესახებ იქნებ დააზუსტოთ, მაგალითად, ბატონი ამირანი გაგცემთ ამაზე პასუხს და ა.შ. არ ვარ კომპეტენტური.
რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის დაცვის თანამშრომელს, ასეთი არის ერთი, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. აქედან გამომდინარე, არჩილ თალაკვაძემ ზედმიწევნით დაიცვა ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია და გადავიდა თვითიზოლაციაში მის ოჯახის წევრებთან ერთად“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძის განმარტებით, კორონავირუსზე ტესტი თავადაც ჩაიტარა და უარყოფითი შედეგი მიიღო.
„მე გუშინ გავიტესტე და უარყოფითი მაქვს, ამიტომ თქვენ ჩემი ნუ შეგეშინდებათ, გარანტირებული ხართ. ინფიცირების წყარო არ ვიცი, ეპიდემიოლოგებთან დასასმელ კითხვებს მე ნუ დამისვამთ და ნუ მაიძულებთ, პასუხები გაგცეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.