მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ფრაქციის თავმჯდომარეობის დატოვების შესახებ დავით ჭიჭინაძის მოსაზრებას სერიოზულად ვერ უპასუხებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ზოგიერთი დეპუტატის განცხადებებზე უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებებს.
„როდესაც ვსაუბრობ დეპუტატებზე, რომლებმაც ამ დღეების განმავლობაში, არაკორექტული განცხადებები გააკეთეს, ამასთან დაკავშირებით დღეს პარტიაში იყო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს განცხადებები იყო როგორც მინიმუმ, არაკორექტული, უხეშად არღვევდა პარტიულ დისციპლინას და სწორედ იმ ადამიანებზე მაქვს საუბარი, ვინც ამ განცხადებების ავტორები გახდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება უმრავლესობის დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას, რომ მამუკა მდინარაძეს ფრაქციის თავმჯდომარეობის მორალური უფლება არ აქვს, მდინარაძე ამბობს, რომ ამაზე სერიოზული პასუხის გაცემას არ აპირებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.
„მამუკა მდინარაძეს უთქვამს, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე დავით ჭიჭინაძის განცხადება არასერიოზულიაო. მამუკა მდინარაძე რომ ფრაქციის თავმჯდომარეა, არასერიოზული გადაწყვეტილება ესაა. რას ჰქვია, რას ვუწუნებ? თუ ამ ადამიანმა ვერ გაითავისა, ფრაქციის თავმჯდომარედ ვინ დანიშნა და პრემიერის საწინააღმდეგო განცხადება არ უნდა აკეთოს, რაზე უნდა ველაპარაკო? ფრაქცია შექმნილია პრემიერისა და სამთავრობო გუნდის მხარდასაჭერად. როცა პრემიერი გუნდის წევრზე იძახის, რომ ის მის გუნდს სჭირდება და ამ ადამიანის გუნდში დატოვებას ცდილობს, ამ ფონზე ფრაქციის თავმჯდომარე უნდა გამოვიდეს და საპირისპირო განცხადებას უნდა აკეთებდეს? მას მორალური უფლება აღარ აქვს, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე იყოს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.