მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანი სალომე ზურაბიშვილმა მოიგო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანი დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.
„სამი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი გვაუწყებს, რომ მათ მოიგეს ავღანეთში მდებარე საარჩევნო უბანი, საჯარისო ნაწილებზეა საუბარი და იქ განთავსებულ ორ უბანზე. მინდა, მოგახსენოთ შედეგები, პირველი ინფორმაცია უკვე გვაქვს ჩვენი წარმომადგენლებისგან. ერთ უბანზე სალომე ზურაბიშვილმა 334 ხმა, გრიგოლ ვაშაძემ – 216, დავით ბაქრაძემ 76 ხმა მიიღო. მეორე უბანზე სალომე ზურაბიშვილმა 63 ხმა, გრიგოლ ვაშაძემ-43, დავით ბაქრაძემ რვა ხმა მიიღო. ასე , რომ ორივე უბანზე პირველივე ტურში გამარჯვებულია სალომე ზურაბიშვილი. ტყუილს ამ შემთხვევაშიც აღმოაჩნდა მოკლე ფეხები. ჩვენ ველოდებით ცესკო-ს შედეგებს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.