მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არასერიოზულია ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან საუბარი, თითქოს „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გადადება სურს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, თავი დაანებოს პროვოკაციულ მინიშნებებს, თითქოს, „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნების გადადება სურს.
მდინარაძის თქმით, რამდენიმე პროვოკაციული განცხადება გაკეთდა იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებიდან გამომდინარე არჩევნების გადადებას გეგმავს.
მისი განმარტებით, არათუ გეგმა, არამედ მსგავსი საუბარიც კი არ ყოფილა.
„როცა ვამბობთ, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რადიკალური ღონისძიებები, რომელიც პირველ ეტაპზე იყო გათვალისწინებული, საჭირო აღარ არის და ახლა სხვაგვარად უნდა ვიცხოვროთ – არ უნდა გაჩერდეს ეკონომიკა, ქვეყანა და არანაირი აქტივობა, მათ შორის პოლიტიკური აქტივობები და წინასაარჩევნო გარემო აქტიური უნდა იყოს. არჩევნები ჩვეულ რეჟიმში უნდა ჩატარდეს. არჩევნების გადადებას არ ვფიქრობთ და ჩვენს ნაცვლად ასე ნუ იფიქრებენ. დარწმუნებული ვარ, არც ერთი რეალური გარემოება არ იქნება საიმისოდ, რომ გამართლდეს ოპოზიციის პროვოკაციული განცხადება იმის თაობაზე, თითქოს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გადადება უნდა. ეს გამორიცხულია, რადგან ეპიდსიტუაცია კონტროლდება. არის გარკვეული კერები, სადაც ხელისუფლება ცდილობს, პრობლემა აღმოფხვრას წერტილოვანი დარტყმებით და ისეთი შეზღუდვებით, რომელიც ეკონომიკას არ გააჩერებს და წინასაარჩევნო კამპანიას ხელს არ შეუშლის.
დღეს, ვირუსი ისეთი საშიშიც აღარაა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბლაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეკომენდაციები არ უნდა დავიცვათ, პირიქით, კიდევ უფრო უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენს ნაცვლად ნუ ილაპარაკებენ. ოპოზიცია იმას კი არ ლაპარაკობს, ჩვენ რას ვამბობთ, ფიქრებში შემოგვეჭრნენ და ამბობენ, თურმე, არჩევნების გადადებას ვფიქრობთ. ამ ყველაფერზე საუბარი არასერიოზულია, რადგან არჩევნების გადადებაზე არ ვფიქრობთ“, – განაცხადა მდინარაძემ.