მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადების სამართლებრივი არგუმენტი  არ არსებობს
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადების სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით მას ყურადღებით მოუსმინა.

მისივე თქმით, სამართლებრივი არგუმენტი, რომ კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაედოს, არ არსებობს.

ამასთან, მდინარაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვეტოს დადების შემთხვევაში, განსახილველად რაციონალური საკითხები თუ იქნება დაყენებული, შესაძლოა, იმსჯელონ.

„განწყობებზე ნუ ვილაპარაკებთ, მას არ შეუმჩნევია ჩვენთან და მით უმეტეს დეკლარირება არ მოუხდენია თავისი განწყობის. მან ყურადღებით მომისმინა, კითხვები დასვა, რასაც აკეთებს ყველა სხვა შეხვედრაზე. მის დასკვნებზე, ბუნებრივია, წინასწარ ვერაფერს ვილაპარაკებ. წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ ვეტოს დაძლევაზე. თუ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რაც ჩემი აზრით, სამართლებრივ არგუმენტაციაზე ვერ დაეყრდნობა, ამ შემთხვევაში, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, გააჩნია, რა არგუმენტაცია მოჰყვება ამას, პარლამენტი მსჯელობს ხოლმე ვეტოს დაძლევაზე.

ვეტოს დადების შემთხვევაში, თუ იქნება ისეთი საკითხები, რომლებიც განხილვადია და რაღაც რაციონალურ კონტექსტში, ჩარჩოებში ჯდება, მაშინ ამაზე მსჯელობაზე შესაძლოა, ვიფიქროთ. ჩემი ვარაუდია და შეიძლება სუბიექტური ვარ, სამართლებრივი არგუმენტაცია იმისთვის, რომ ვეტო დაედოს, არ არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.