მამუკა მდინარაძე - 7 აგვისტო არის თარიღი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში დაფიქსირდა ომის დაწყების თარიღად, დაადანაშაულეს ქართველი სამხედროები 7 აგვისტოს ომის დაწყებაში და ომის დანაშაულში
7 აგვისტო არის თარიღი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში დაფიქსირდა ომის დაწყების თარიღად, მასთან იქნა დაკავშირებული ქართველი სამხედროების მიერ ომის დაწყება და ომის დანაშაული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება თარიღებზე სპეკულირება, ვითომ რუსული ნარატივის დაბრალებით და ამ დროს რუსეთის იმ პოზიციაზე ყოფნა, რომელიც მას ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც სტრასბურგის, ასევე ჰააგის სასამართლოებში.
„7 აგვისტო არის, მაგალითად, ის თარიღი, რომელიც დაფიქსირდა რეზოლუციაში, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ მაშინ მხარი დაუჭირა, ომის დაწყების თარიღად, მასთან იქნა დაკავშირებული ქართველი სამხედროების მიერ ომის დაწყება და ომის დანაშაული. ანუ, დაადანაშაულეს ქართველი სამხედროები 7 აგვისტოს ომის დაწყებაში და ამავე დროს 7 აგვისტოს ჩადენილ ომის დანაშაულში, რაც შემდეგ გავაბათილეთ და მოვიგეთ როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში, ორივე სასამართლო მათი, „ნაცების“ მიერ გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად. ფილმი გადაიღეს აგვისტოს ომზე 8 აგვისტოს სახელწოდებით, 08.08.08. თუ არ ვცდები და სწორად მახსოვს, 2014 წლამდე 8 აგვისტოს გადიოდნენ, შემდეგ შეცვალეს ნარატივი და 2014 წლის შემდეგ 7 აგვისტოს დაიწყეს საფლავებზე გასვლა. ამით თითქოს რაღაც ნარატივი შეცვალეს. ანუ, 2014 წლამდე ისინი რუსულ ნარატივზე ისხდნენ, რადგან მოიხსენიებდნენ და მოიგონებდნენ დაღუპულ გმირებს 8 აგვისტოს, ამ ერთ-ერთ ყველაზე უმძიმეს დღეს. ეს ხომ ცალსახა სპეკულაციაა? ეს ხომ მართლა რუსულ საქმეს აკეთებს? ახლა არ მინდა, თუთიყუშებივით რომ იმეორებენ, მათსავით გავიმეორო, მაგრამ მართლა რუსული საქმის კეთება ხომ არის, რომ მათ ნარატივზე გადაჯდნენ? დიახ, რუსეთი ამტკიცებდა ორივე სასამართლოში, რომ ის მოცემულობა იყო სწორი, რაც რეზოლუციაში ეწერა. ამ ნარატივით, უკაცრავად ტერმინისთვის და ჟარგონისთვის, გვაწვებოდნენ ქართულ მხარეს, რომ 7 აგვისტოს დაიწყო ომი და ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს 7-ში ეს ომიო, სამხედრო და ომის დანაშაული ჩაიდინესო. ჩვენ ეს გავაბათილეთ, მოვიგეთ სასამართლო პროცესი. სხვათაშორის, პრეზიდენტის ბრძანებულებაში იყო და შემდეგ პარლამენტმაც ეს დაუდასტურა მაშინდელ პრეზიდენტს, რომ 8 აგვისტოს შემოიჭრა საქართველოში რუსული ჯარიო და 2014 წლის შემდეგ შეცვალეს ნარატივი. ახლა უნდათ, ამით მანიპულირება მოახდინონ. არ შეიძლება ამ თარიღებზე ასე სპეკულირება, ვითომ რუსული ნარატივის დაბრალებით და ამ დროს რუსეთის იმ პოზიციაზე დაჯდომა, რომელიც რუსეთს ჰქონდა ჩვენ წინააღმდეგ, როგორც სტრასბურგის, ასევე ჰააგის სასამართლოებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.