მამუკა მდინარაძე - 50 ადამიანი იყო შეკრებილი „ნაციონალური მოძრაობის“ დასახვედრად და ამის შიშით ექვსი საათის განმავლობაში პარლამენტში შესვლა ვერ მოახერხეს, ვის შიშზე ლაპარაკობენ
50 ადამიანი იყო შეკრებილი „ნაციონალური მოძრაობის“ დასახვედრად და ამის შიშით ექვსი საათის განმავლობაში პარლამენტში შესვლა ვერ მოახერხეს, ვის შიშზე ლაპარაკობენ, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, უმრავლესობას მათი შეეშინდა და პლენარული სხდომა დაასრულეს.
მდინარაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება თუ უნდოდა, რეგლამენტის თანახმად, ეს პროცედურა სამშაბათს, 12:00 საათზე იწყება.
„პოლიტიკური განცხადების გაკეთება თუ უნდოდათ, ჩაგვაყენონ ხოლმე საქმის კურსში და გავითვალისწინებთ. ჩვენ არ დაგვესიზმრებიდა პოლიტიკური განცხადებები თუ უნდოდათ. პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება იწყება სამშაბათს, 12:00 საათზე, ამის შემდეგ მაინც რომ იცოდნენ. გაგრძელდა სამი საათის განმავლობაში. პარლამენტს აქვს თავისი დღის წესრიგი და ისწავლიან, ნელ-ნელა.
შიშზე თუ ლაპარაკობენ, ხვალ დილითაც უნდა მოვიდნენ და ხვალ დილით არ დავხვდებით აქ თუ რას ლაპარაკობენ?! აგონიაში არიან. შიშს რაც შეეხება, 50 ადამიანი იყო შეკრებილი მათ დასახვედრად და ამის შიშით ექვსი საათის განმავლობაში პარლამენტში შესვლა ვერ მოახერხეს, ვის შიშზე ლაპარაკობენ?
ხვალ გაგრძელდება კანონპროექტების განხილვა. მესიჯბოქსის დალაგება გასაგებია, ყველაფერი პიარული კუთხით არის მოხარშული მათ ტვინში, რადგან სხდომა დამთავრდა, მოდი, ვთქვათ, რომ შეეშინდათ და გაიქცნენ – ამ პრიმიტიული პიარის და ლოგიკის მსხვერპლი ხდებიან თვითონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.