მამუკა მდინარაძე - 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საკონსტიტუციო უმრავლესობით აგვირჩევს, რათა აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“ და სხვა აგენტურული პარტიები საქართველოში
ვინმემ თუ იცის მშვიდობის ფასიც, მეგრელებმა და სვანებმა იციან, თუ იციან. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკანასკნელი რამდენიმე ათეული წელი საკმარისზე მეტი იყო ამ ყველაფრის აღსაქმელად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მან ზუგდიდში შეკრებილებს 26 ოქტომბერს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც, მისი თქმით, მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, კეთილდღეობისთვის იბრძვის.
„მივესალმები ჩვენს დელეგატებს, ბატონებს: დავით კოდუას, ილია ინჯიას, გიორგი ხახუბიას, გოჩა ენუქიძეს; ჩვენს სვან ძმებს „ხალხის ძალიდან“ – მივესალმები ბატონ სოზარ სუბარს, ვიქტორ ჯაფარიძეს.
თუ ვინმემ იცის, ჩემო მეგობრებო, ურთიერთგატანა, ბრძოლა ეროვნული საქმის და ღირებულებებისთვის, ეს სწორედ მეგრელი და სვანი კაცი და ქალია. ვინმეს თუ მაგრად აქვს სისხლში გამჯდარი ბრძოლა ტრადიციული, ეროვნული ღირებულებებისთვის, ქართული, მეგრული, სვანური იდენტობის შენარჩუნებისთვის – ეს ხალხი ხართ თქვენ სწორედ და ვინმემ თუ იცის მშვიდობის ფასიც, მეგრელებმა და სვანებმა იციან, თუ იციან. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკანასკნელი რამდენიმე ათეული წელი საკმარისზე მეტი იყო ამ ყველაფრის აღსაქმელად. შესაბამისად ამისა, ბუნებრივია, ჩვენი გულწრფელი მოწოდებაც იმაში მდგომარეობს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნებში, გადამწყვეტ, უთანასწორო არჩევნებსა და ბრძოლაში მხარი დაუჭიროთ მმართველ პარტიას, რომელიც მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, კეთილდღეობისთვის იბრძვის და, რაც მთავარია, თავის სამშობლოს ემსახურება და არა – ვინმე სხვას“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საკონსტიტუციო უმრავლესობით აირჩევს „ქართულ ოცნებას“ იმისათვის, რომ აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“ და სხვა აგენტურული პარტიები საქართველოში.
„როდესაც ვლაპარაკობთ ნაცაგენტურაზე, ეს სააკაშვილი იქნება თუ გვარამია, გახარია იქნება თუ ხაზარაძე, სწორედ იმიტომ უნდა აგონ მათ ხალხის – თქვენ წინაშე პასუხი, რომ, ძალიან სამწუხაროდ, ისინი, ქართული წარმოშობის ადამიანები, არაქართულ საქმეს ემსახურებიან და საერთო, ქვეყნის გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ. შემდეგ კი, იმისათვის, რომ თავიანთ მომხრეებს – და ხანდახან, შეიძლება, საკუთარ თავსაც – დააჯერონ, რომ ასე არის, ანუ მათ ჰგონიათ, რომ ამით დააჯერებენ, რომ ყველაფერ ქართულს დაარქვან რუსული, რომ ყველაფერ ეროვნულს უწოდონ რაღაც სხვა, დამაკნინებელი სიტყვა. ასე ამართლებენ თავიანთ მოქმედებებს, მაგრამ არანაირი გამართლება არ აქვს, მეგობრებო, იმ თუნდაც ერთი ამომრჩევლის – ხაზგასმით ვამბობ, თუნდაც ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერას იმ პოლიტიკური ძალისადმი, მისი სატელიტი პარტიებისადმი, რომელმაც დადგა, შეასრულა, ჩაიწერა და მერე ისეთი კადრები ამოუვარდა, ყურში რომ ჩაგვესმის დღესაც მეგრელი კაცის განწირული ყვირილი და არ მინდა, გავაგრძელო ამ საშინელებაზე ლაპარაკი. წარმოიდგინეთ, რომ ამ ხალხსაც კი ჰყავს მხარდამჭერები, შეიძლება ცოტა, მაგრამ ჰყავთ, რომელთა ნაწილს მართლაც ჰგონიათ, შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ აქ ებრძვიან რაღაც რუსულს და სადაც საბრძოლველი იყო, მათ ლიდერებს იქ არ უბრძოლიათ და წითელ ხიდზე ვერ ასწრებდა ვერავინ. თუ საბრძოლველი იქნა, ჩვენზე მაგრად ვერავინ იბრძოლებს!
26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი, საკონსტიტუციო უმრავლესობით აგვირჩევს იმისათვის, რომ:
პირველი – აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“ და სხვა აგენტურული პარტიები საქართველოში;
იმისათვის, რომ გვქონდეს საკონსტიტუციო მზაობა, ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანებისათვის;
იმისათვის, რომ კონსტიტუციის დონეზე ავკრძალოთ ლგბტ პროპაგანდა და გადავარჩინოთ ქართველი ერი გადაგვარებისგან;
იმისათვის, რომ კონსტიტუციით გავაძლიეროთ ეკლესიის და სარწმუნოების როლი;
იმისათვის, რომ არ ვაპატიოთ მათ ერთ-ერთ, აგენტურული ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სალომე ზურაბიშვილს ქართველი ამომრჩევლის და ხალხის გადაგდება – პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით;
დაბოლოს, იმისათვის, რომ გაცილებით უკეთესად, გაცილებით კარგ პირობებში იცხოვროს თითოეულმა ქართველმა მშვიდობიან ქვეყანაში და მხოლოდ ამ გზით გავერთიანდეთ დიდ ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.