მამუკა მდინარაძე - 2030 წელი ცოტა შორი პერსპექტივაა, მაგრამ უფრო ბუნდოვანია, როცა ევროპისა და ევროსტრუქტურების აღმასრულებელი რგოლი ამბობს, რომ ესეც არ არის სწორი
მამუკა მდინარაძე - 2030 წელი ცოტა შორი პერსპექტივაა, მაგრამ უფრო ბუნდოვანია, როცა ევროპისა და ევროსტრუქტურების აღმასრულებელი რგოლი ამბობს, რომ ესეც არ არის სწორი

საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებებზე.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ევროპელი მეგობრებისგან განსხვავებული გზავნილები დამაბნეველი იყო.

„ცოტა დამაბნეველიც იყო, რომ ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გზავნილებია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, ამას მნიშვნელობა აქვს იმასთან დაკავშირებით, რამდენად პოზიტიური მოლოდინი უნდა ჰქონდეს არამარტო საქართველოს, არიან კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც დიდი ხანია, 10 წელზე მეტი დროა გასული, რაც ელოდებიან მოლაპარაკებების დაწყებას და მათთვის ასევე ბუნდოვანი რჩება თარიღი. 2030 წელი ცოტა შორი პერსპექტივაა, მაგრამ უფრო ბუნდოვანია, როცა ევროპისა და ევროსტრუქტურების აღმასრულებელი რგოლი ამბობს, რომ ესეც არ არის სწორი. მიუხედავად ამისა, საქართველომ, რა დროშიც არ უნდა იყოს ეს გაწერილი, შემჭიდროებულ ვადაში თუ ა.შ., ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტად დავუახლოვდეთ ევროპას. ჩვენი გაცხადებული, კონსტიტუციური მიზანი და ქართველი ხალხის სურვილია, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ევროპული ღირებულებებით, ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებებით და არა მის გარეშე, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს წარმოუდგენია ეს. საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი. საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად.

ამასთან, ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმა, დანა სპინატმა, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე“.